22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე
2025 წლის 23 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი (22 აპრილი) მიძღვნილი თემატური სხდომა.
დედამიწის საერთაშორისო დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. პირველად ის აღინიშნა 1970 წელს, დღეისათვის კი მსოფლიო მასშტაბითაა კოორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში. ამ დღეს მთელ მსოფლიოში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვადასხვა ღონისძიება.
თემატურ სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის აპარატის მუშაკები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ბიოლოგიის დოქტორი მაია გოგოტიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები: ვახტანგ ნაზღაიძე, ანა ცანავა, თამარ სეფაშვილი.
თემატური სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან სიტყვა მოხსენებისათვის თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები და მათი როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში“ გადაცა სოფლის მეურნეობის დოქტორ ზვიად ტიგინაშვილს.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეისათვის აქტუალურია დაცული ტერიტორიებისათვის, როგორიცაა: საქონლის არაკონტროლირებადი ძოვება, უკანონო და უკონტროლო ტყის ჭრა და სხვ.
საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვას უზრუნველყოფს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.
საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 927 748 ჰა-ია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13,3 %-ს წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების 49,7 % ტყით არის დაფარული. ტყის ეკოსისტემა დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილი უარყოფითი პროცესების მნიშვნელოვანი შემარბილებელი ფაქტორია. დედამიწაზე არსებული ფიტოცენოზებიდან ტყე წარმოადგენს ნახშირბადის ყველაზე მძლავრ რეზერვუარს.
დაცული ტერიტორიების ტყეები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, მაგალითად: დაცვის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები ნაკლებად ზიანდება; დაცულ ტერიტორიებზე ტყის გაჩეხვა, გადამუშავება და სხვა დამაზიანებელი საქმიანობა აკრძალულია ან მკაცრად რეგულირდება, ამიტომ, ეს ტყეები უფრო ბუნებრივად ვითარდება და აგრძელებს ნახშირორჟანგის შთანთქმას გრძელვადიან პერსპექტივაში. დაცულ ტყეებში ნაკლებად ხდება ტყის მასის მოჭრა ან დაწვა, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ხანგრძლივად შეინახონ დიდი რაოდენობით ნახშირბადი. დაცული ტერიტორიების ტყეები, როგორც ეტალონი ტყეები, გვაძლევს შესაძლებლობას ვაწარმოოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, დავაკვირდეთ ტყის ეკოსისტემების ცვლილებებს და უკეთ ვმართოთ ბუნებრივი რესურსები.
დაცული ტერიტორიები საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის და ბუნების ჰარმონიული ურთიერთბა. ტყეები არა მხოლოდ ნახშირორჟანგის შთანმთქმელი სისტემებია, არამედ სიცოცხლის გადარჩენის მნიშვნელოვანი გარემოცაა. მათი დაცვა, მართვა გაფართოება და განვითარება კლიმატური მდგრადობის ნაწილია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ისე გლობალური გარემოსდაცვითი მიზნებისთვის.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში. ზვიად ტიგინაშვილმა ამომწურავად უპასუხა აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
თემატური სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ, მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისათვის, დამსწრე საზოგადოებას - მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. დასასრულს აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა-გადაწყვეტას.