სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების პროექტის შედეგების პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 21-22 ივლისს თბილისში სასტუმრო ,,Holiday Inn”-ში ჩატარდა საქართველოში ASTI-ის (სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორები) საპილოტე პროექტის შედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი, რაც მიზნად ისახავდა რეგიონული დამკვირვებლებისა და დაინტერესბული მხარეების ჩართულობით საქართველოს ეროვნული საპილოტე შედეგების აღიარებას და ასევე იმ ინდიკატორების შექმნისთვის პოტენციალის გაზრდას, რომლებიც FAO ASTI-ს გლობალური მონაცემთა ბაზის ნაწილი გახდება. სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების (ASTI) შემუშავების მიზნით 2024 წელს, მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, მ.შ. საქართველოში, ჩატარდა საპილოტე სწავლებები, რომელთა ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პარტნიორობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებში დარიგდა კითხვარები და მოხდა მიღებული შედეგები სტატისტიკური დამუშავება.
შეხვედრაში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისის (რომი) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან პარნიტორობით გაიმართა, მონაწილეობდნენ რეგიონული დამკვირვებლები, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერები ცენტრალური აზიისა და კავკასიის რვა ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა; პროექტის ორგანიზატორებიდან - სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისის წარმომადგენლები: ჰერნან მუნიოსი და ვალერია პესკე, სტუ-ს ტექინფორმის დირექტორი ნელი მახვილაძე, დირექტორის მოადგილე მარიამ რაზმაძე. საქართვლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილება მიიღეს: აკადემიის მთავარმა აკადემიკო-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა და აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა (პროექტის საკონტაქტი პირი). ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: FAO-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი იამზე მირაზანაშვილი და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დეპარტამენტისა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვლევაში ჩართული უწყებათა თანამშრომლები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს ვიცე-რექტორი, ქალბატონი თამარ ლომინაძე. მან აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანია, სამწლიან ჭრილში, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მონაცემების შეგროვების მოდელის დახვეწა FAO-ს მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად და მისი გარდაქმნა ეროვნული სტატისტიკის სისტემის განუყოფელ ნაწილად.
მომხსენებელთა შორის გახლდათ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოდრაძე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების პროცესში სტატისტიკის მაჩვენებლების მნიშვნელობაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო ორგანიზაციებში ჩატარებული კვლევების შედეგების შეფასება. ხაზგასასმელია, რომ წელს პირველად მოხდა ხარისხობრივი შეფასებიდან რაოდენობრივ შეფასებაზე გადასვლა, რაშიც აკადემიამ იხელმძღვანელა პროექტის ჩარჩოებში შეგროვილი მასალებით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ერთდღიანი ტექნიკური ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა სოფლის მეურნეობის კვლევისა და განვითარების ინდიკატორების შემუშავების საკითხებს.
სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაციის გზები.
„ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილემ მარიამ რაზმაძემ მსმენელთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო დროებითი კვლევიდან, გრძელვადიან, სისტემურ მონაცემთა შეგროვებაზე გადადის, რაც მოითხოვს კადრების, ინფრასტრუქტურისა და რესურსების ზრდას. აქედან გამომდინარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორი ინსტიტუციები განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს მიიღებენ.
დასასრულს, ღონისძიებაზე დამწრე საზოგადოების მიერ შეფასებული იქნა შემუშავებული სტატისტიკური ანალიზისა და მიღებული შედეგების პრაქტიკული ღირებულება, რომელიც შემდგომი დამუშვებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გაწევას, სამოქმედო გეგმის დახვეწას, მონაცემთა ბაზის სისტემატიზაციას, ანგარიშგებას და პოლიტიკის მხარდაჭერას.