2025 წლის 2 – 4 ივნისს, სასტუმრო ‘’ბოდბეში’’ (სიღნაღი, კახეთი) გაიმართა სასწავლო სემინარი. სემინარის ჩატარების მთავარ მიზანს წარმოადგენდა 2026 – 2029 წლების პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებისას განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების კლიმატის ცვლილების (შერბილება/ადაპტაცია) პოლიტიკის კლასიფიკატორებთან კავშირების დადგენა.
აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად მსოფლიო ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერას.
სასწავლო სემინარის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი - კახაბერ მდივანი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სასწავლო სემინარის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა აკადემიის გარემოს დაცვის და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.
სასწავლო სემინარი გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების განყოფილების ხელმძღვანელმა - მაია ჯავახიშვილმა. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ნათია გულუამ, მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა - დარეჯან კაპანაძემ.
სემინარის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:
- კლიმატის ცვლილების ძირითადი ტერმინების გაცნობა;
- ბიუჯეტის კლიმატის ცვლილებასთან დასაკავშირებელი საფეხურების გამოყენება;
- კლიმატის ცვლილების ხარჯების წილის შეფასება;
- კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრა.
სემინარზე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე და სხვ.
ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აუცილებელია კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტებში ყოველწლიურად გათვალისწინებული იქნას შესაბამისი თანხები, რომლებიც უნდა გაიწეროს ბიუჯეტის მუხლების (პროგრამები/ქვეპროგრამები) მიხედვით.
სასწავლო სემინარის მუშაობა გაგრძელდა აქტიური კითხვა - პასუხის რეჟიმში.
სასწავლო სემინარის დასასრულს მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა - დარეჯან კაპანაძემ მადლობა გადაუხადა სემინარის მონაწილეებს აქტიური თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სემინარი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების გაცნობიერების ხარისხის ამაღლებას და 2026 – 2029 წლების პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებისას განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების კლიმატის ცვლილების (შერბილება/ადაპტაცია) პოლიტიკის კლასიფიკატორებთან კავშირების დადგენას.