5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღი 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. მიზანი გახლდათ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მოქალაქეების ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში.
მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, მთავარმა აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, განყოფილების სტიპენდიატმა: სოფლის მეურნეობის დოქტორმა დოქტორმა ზვიად ტიგინაშვილმა, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოლოგიის დოქტორმა მედეა ბურჯანაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა (ონ - ლაინ), ამავე სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა პაპუნა კაპანაძემ, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნატო კობახიძემ (ონ - ლაინ), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გოგინაშვილმა (ონ - ლაინ), WWF - ის რეგიონულმა (აჭარა) ექსპერტმა ზურაბ მანველიძემ (ონ - ლაინ), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსმა, ბიოლოგიის დოქტორმა ხათუნა წიკლაურმა (ონ - ლაინ), აკადემიის აპარატის მუშაკებმა.
სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყანაში გარემოს დასაცავად წარმოებული ღონისძიებების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რომელიც სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს. შემდეგ სიტყვა გადაცა ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორს გიორგი ქავთარაძეს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ევროპის ახალი (2030 წ.) სატყეო სტრატეგია და გამოწვევები საქართველოს სატყეო სექტორისათვის’’.
მომხსენებელმა დაწვრილებით მიმოიხილა ევროპის ახალი (2030 წ.) სატყეო სტრატეგიის ძირითადი ასპექტები და საქართველოს სატყეო სექტორის ძირითადი გამოწვევები. აღინიშნა, რომ ევროკავშირის დონეზე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალი ათწლეულისთვის განსაზღვრავს სატყეო სექტორის განვითარების ძირითად მიზნებს და მიდგომებს არის ევროპის ახალი სატყეო სტრატეგია 2030[i], რომელის საბოლოო ვერსია დამტკიცებულ იქნა 2021 წლის 26 ივლისს. წარმოდგენილი სტრატეგია თავის მმხრივ ეთანხმება და აძლიერებს ევროპის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიით (2030) განსაზღვრულ მიზნებს და ზოგადად იზიარებს ევროპის მწვანე შეთანხმების (European Green Deal)[ii] სულისკვეთებას, სადაც ხაზგასმულია ტყეების მთავარი და მრავალფუნქციური დანიშნულების შესახებ 2050 წლისთვის ევროპაში მდგრადი და კლიმატ-ნეიტრალური ეკონომიკის განსავითარებლად.
ევროპის ახალი სატყეო სტრატეგია ასევე ჯდება ისეთი საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტის ხედვის ჩარჩოში, როგორიც არის გაეროს სატყეო სტრატეგიული გეგმა 2017-2030[iii].
სტრატეგია მოიცავს ღონისძიებებს: ტყის დაცვის და აღდგენის, მდგრადი მართვის გასაძლიერებლად, მონიტორინგის და დეცენტრალიზებული დაგეგმვის გაუმჯობესებისთვის, ტყის მდგრადი ეკოსისტემების უზრუნველსაყოფად და მრავალფუნქციური როლის შესასრულებლად. ევროპის კლიმატ-ნეიტრალური მომავლისათვის მდგრად მეტყევეობაზე დაფუძნებული ბიოეკონომიკის (Sustainable forest-based bioeconomy) მხარდასაჭერად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დოქტორ გ. ქავთარაძის მიერ განხილული იქნა თუ რა ახალ მოცემულობას ადგენს და გამოწვევებს ქმნის საერთაშორისო სტრატეგიული მიდგომები საქართველოს სატყეო სექტორისთვის ეროვნულ დონეზე.
ევროპის სატყეო სტრატეგიის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებად ჩაითვალა შემდეგი ამოცანების დასახვა და განხორციელება ეროვნულ დონეზე, როგორიცაა: საქართველოს ტყის რესურსების და ეკოსისტემური სერვისების შეფასება და ტყის არამერქნულ პროდუქტებზე დაფუძნებული ბიოეკონომიკის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; მდგრადი ბიოეკონომიკის განსავითარებლად დამატებითი ღირებულების ტყის პროდუქციის წარმოების და გადამუშავების ხელშეწყობა;
ტყის მდგრად მართვაზე დაფუძნებული ბიოეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი უნარების და ცოდნის გაღრმავება; ბიოენერგეტიკისთვის მერქნული რესურსის მდგრადი გამოყენება; ბიომრავალფეროვანი ტყეების სიჯანსაღის და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება კლიმატის ცვლილების მიმართ ტყეების ადაპტაციის უნარისა და გამძლეობის ამაღლებისთვის; ტყის ბიომრავალფეროვნების შემცირების პროცესის შენელება, მდგრადი და მრავალფუნქციური ტყის ეკოსისტემების უზრუნველყოფა და სხვ.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატყეო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევზე - სატყეო სექტორის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის - სტრატეგიის და მოქმედებათა გეგმის არ არსებობაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ერთი მხრივ სექტორის განვითარების სტრატეგიული მიზნები, მეორე მხრივ ის ამოცანები, რომელიც უნდა შესრულდეს ამ მიზნების მისაღწევად. ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოს სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას და დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ცენტრალიზებული მართვის სისტემის არსებობა[1]. შესაბამისად საჭიროა მართვის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარება, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტებისთვის ტყეების გადაცემით პირველ ეტაპზე დელეგირების უფლებით, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო მუნიციპალიტეტებს მართვის უფლებით გადასცემს ტყეებს, თუმცა ინარჩუნებს კონტროლის და მონიტორინგის უფლებამოსილებას.
მრგვალი მაგიდის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.