საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების
შემსწავლელი კომისიის სხდომა
2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო ცენტრალური ჩინეთის ნორმალური უნივერსიტეტის, ურბანული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სკოლის პროფესორის, იუჯინ ვუს (ვუჰანი, ჩინეთი) მოხსენება თემაზე: “მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში კატასტროფული წყალდიდობების პროგნოზირება კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით’’.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს - მდივანი ბ. კოროხაშვილი, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გ. გავარდაშვილი, კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე.
კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა. შემდეგ, მან სიტყვა გადაცა ცენტრალური ჩინეთის ნორმალური უნივერსიტეტის, ურბანული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სკოლის პროფესორს იუჯინ ვუს.
პროფესორმა იუჯინ ვუმ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა ძირითად მიგნებებს და გამოწვევებს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მდინარე იანძი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. მისი აუზი და დაბლობები ჩინეთის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი რეგიონია. აღნიშნული რეგიონი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ხშირი წყალდიდობებით ხასიათდება. წყალდიდობების გამომწვევი მიზეზები მრავალია, მათ შორის: თოვლის დნობა და სწრაფი ჩამონადენი ციცაბო ტოპოგრაფიის გამო, ნიადაგის ეროზია ტყეების გაჩეხვის გამო, რაც იწვევს ჩამონადენის ზრდას, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მუსონური ნალექები, ტაიფუნების ნალექები სანაპირო ზოლის მახლობლად და სხვ.
პროფესორ იუჯინ ვუმ თავის პრეზენტაციაში ასევე განიხილა და შეაფასა კლიმატის ცვლილების პროგნოზირების მნიშვნელობა მდინარე იანძის ჩამონადენზე, მათ შორის კატასტროფული წყალდიდობების ფორმირებაზე. მის მიერ აღინიშნა ტენდენცია, რომ ნალექები მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში სულ უფრო მეტად კონცენტრირდება ზაფხულის თვეებში, ძლიერი წვიმიანი დღეების რაოდენობის ზრდით, რაც კატასტროფული წყალდიდობების ფორმირებას უწყობს ხელს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.
სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა.