საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი მიხეილ საბაშვილი - 125

sssssss

      

     საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი (1944), ნიადაგთმცოდნე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961)  მიხეილ ნიკოლოზის - ძე საბაშვილი  დაიბადა 1900 წლის 7 აგვისტოს ქ. ბათუმში.

           1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური  ინსტიტუტის  აგრონომიული  ფაკულტეტი. 1930-1942 წლებში იგი გახლდათ სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე და პროფესორი1945-1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი; 1963-1976 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

           აკადემიკოსი მიხეილ საბაშვილი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1957 – 1961 წ.წ.)

            მიხეილ საბაშვილმა შეისწავლა საქართველოს ნიადაგების გენეზისი, შედგენილობა-თვისებები, გავრცელება, კლასიფიკაცია, აგროსაწარმოო მაჩვენებლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბიანი ნიადაგური რუკები და სხვა.

სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასთან ერთად, მიხეილ საბაშვილი განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. მისი შრომები ფართოდ იყო გამოყენებული საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, საირიგაციო და სამელიორაციო მშენებლობების დაპროექტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ახალი ფართობების ათვისებისა და გაუმჯობესების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული სასუქებისა და ნიადაგთმცოდნეობის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მიერ 1932-1934 წლებში დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგების გამოსაკვლევად, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებთან დაკავში-რებით. 1937-1938 წლებში მისი ხელმძღვანელობით, ჩატარდა საქართველოს მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოდცის ნიადაგების დაწვრილებითი შესწავლა-დახასიათება. 1940 წელს დეტალურად იქნა გამოკვლეული წალკის ქვაბულის ნიადაგები, რომლის შედეგები გაითვალისწინეს ამ წყალსაცავის მშენებლობის პროექტის შედგენისას. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი მუშაობა გასწია სამხედრო რუკების შედგენაზე.

       აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის ხელმძღვანელობით შესწავლილი იქნა ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ნაწილის, სამგორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის, შირაქისა და ტარიბანის ველებისა და კახეთის ნათელი ტყეების ნიადაგები. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა საქართველოს მევენახეობის რაიონებისა და ვენახისათვის გამოსადეგი ნიადაგების მიმოხილვას. 1957 წელს შეადგინა საქართველოს ნიადაგების რუკა საშუალო სკოლებისათვის. მიხეილ საბაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო კონგრესების, საკავშირო ყრილობების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვათა საქმიანობაში.

         დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითსაპატიო ნიშნისორდენით და მედლებით.

მიხეილ ნიკოლოზის ძე საბაშვილი გარდაიცვალა 1979 წლის 9 ივლისს ქ. თბილისში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com