სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანს, აკადემიკოს ლაშა დოლიძეს მომდინარე წლის 17 სექტემბერს დაბადებიდან 60 და სამეცნიერო მოღვაწეობიდან 30 წელი შეუსრულდა.
ბატონი ლაშა დოლიძე დაიბადა 1965 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისში. 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე. 1986 წელს ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მას მიენიჭა სატყეო მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაცია.
1987-2012 წწ. ბატონი ლაშა მუშაობდა ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა უფროსი ლაბორანტიდან, ტყის აღდგენისა და სატყეო მელიორაციის სამეცნიერო განყოფილების უფროსამდე (2006-2012 წწ.). 1993 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 2006 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
2021 წელს ბატონი ლაშა დოლიძე არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).
აკადემიკოსი ლაშა დოლიძე აქტიურად და ნაყოფიერად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში და სამეცნიერო პროგრამებში: 2002-2003 წწ იყო საერთაშორისო ინოვაციური პროექტი: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“-ს დამოუკიდებელი ეკოლოგიური ექსპერტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „მეტყევეთა საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (2003 წ.); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრარულ მეცნიერებათა პრობლემების სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი (2002-2006 წწ.); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელმწიფო, საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, შემსრულებელი (1989-2012 წ. წ.); სახელმწიფო ეროვნული სამეცნიერო ფონდის (სესფ 2011 წ.) საგრანტო პროექტის შემსრულებელი, საერთაშორისო ინოვაციური პროექტების: „ხელმისაწვდომობა, ეკოლოგიური გარემო“- ს (შვედეთი საქართველო, 2014-2016 წ.წ.) და პროექტის „Rotary Club-Tbilisi-Academia” (აშშ კალიფორნია, საქართველო, თბილისი, 2012-2014 წწ.) მენტორი, ეკოლოგიური ექსპერტი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრი (2023 წლიდან).
ლაშა დოლიძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის „ეროვნული კოორდინატორის“, ასევე სატყეო დარგის ექსპერტის წოდება (2016 წ.), მიღებული აქვს აკადემიის საპატიო სიგელი - „სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ (2019 წ.).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის დაკვეთით 2020-2022 წწ. ბატონი ლაშას ხელმძღვანელობით, შესრულდა სამეცნიერო პროექტი „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“, ხოლო 2023 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ოთხწლიან სამეცნიერო პროექტს - „აგროსერვისის განვითარება რეგიონში“, ქვეპროგრამა: „ადგილობრივი მოსახლეობის და ფერმერთა შემოსავლების გაზრდის მიზნით მაღალმთიანი აჭარის ტყის შემქმნელ ძირითად ფორმაციებში გავრცელებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარის სასარგებლო თვისებები და მათი სამეურნეო გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება“.
აკადემიკოს ლაშა დოლიძის მონოგრაფია - „საქართველოში განვითარებული ტყის ხანძრები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლები“ გახლავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2023 წელს „ აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ნაშრომის“ გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ნაშრომი.
2023 წლის ივნისიდან აკადემიკოსი ლაშა დოლიძე არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივნად და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად.
აკადემიკოს ლაშა დოლიძის სამეცნიერო კვლევები ძირითადად მოიცავს საქართველოს ტყის ეკოსისტემების შემქმნელი ძირითადი სახეობების (წიფლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები, ფიჭვნარები, მუხნარები და სხვა.) მიერ მეტად მნიშვნელოვანი: წყალმარეგულირებელი, წყალშენახვითი, ნიადაგდაცვითი, რეკრეაციული, სანიტარულ-ჰიგიენური, გამაჯანსაღებელი, სოციალურ-ეკოლოგიური, დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობის შესწავლას; დეგრადირებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა-გაუმჯობესების, სატყეო სამეურნეო, სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებების, რეკომენდაციების შემუშავებას და ტყის ეკოსისტემებში მათ დანერგვას; აგრეთვე ტყის ეკოსისტემის დაცვას, მოვლა-აღდგენას, კვლავწარმოებას; საქართველოს სატყეო მეურნეობისა და მთლიანობაში სატყეო დარგის სტრუქტურული მოწყობის, ოპტიმიზაციის, მათში მართვისა და ეფექტური კონტროლის მექანიზმების დახვეწას; სატყეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების მართებულად რეალიზებას, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, დაცვითი ტყის ზოლების აღდგენას და სხვ.
აკადემიკოს ლაშა დოლიძეს გამოქვეყნებული აქვს 100 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც გარდა ადგილობრივი, მაღალრეიტინგული შრომათა კრებულებისა, ციტირებული და გამოქვეყნებულია საერთაშორისო უცხოურ სამეცნიერო შრომათა კრებულებში და გამოცემებში.
ზემოაღნიშნულ პრობლემატიკას, ეკოსისტემების დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობას ეძღვნება აკადემიკოს ლაშა დოლიძის მიერ მომზადებული და გამოცემული ოთხი მონოგრაფია, ასევე, შემუშავებული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული 6 რეკომენდაცია.
აკადემიკოს ლაშა დოლიძეს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს წარმატებულ და აღიარებულ მეცნიერს, შესანიშნავ მამასა და ბაბუას, აკადემიკოს ლაშა დოლიძეს საიუბილეო თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.