მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა “მეცნიერების ფესტივალი 2025”-ის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე.
„უკვე ტრადიციად იქცა საქართველოში მასშტაბური სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზება. წლიდან წლამდე იზრდება სამეცნიერო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობა, მზარდია ფესტივალის ცნობადობაც. ამას მოწმობს ის, რომ მასში, საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ერთად, სულ უფრო მეტი უცხოური უნივერსიტეტი მონაწილეობს.
სამეცნიერო საქმიანობის განვითარება და მისი პოპულარიზაცია არის ის კონკრეტული პრიორიტეტი, რაც ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკური მდგრადობისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამას ემსახურება ფესტივალი და შესაბამისად აქტიურად გავაგრძელებთ და მომავალშიც მხარს დავუჭერთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენრული ბიომედიცინის ცენტრის, ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული ოფისის “ჰორიზონტი ევროპა”, კოლეჯი “პრესტიჟის” და სხვა ორგანიზაციების წარმომდგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრმა, დოქტორმა ირინე ჩარგეიშვილმა და აკადემიის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის და ავტომატიზაციის მიმართულების კოორდინატორმა, დოქტორმა თამაზ ბიჭიაშვილმა.
ფესტივალის საგამოფენო სივრცეში დემონსტრირებული იყო მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინოვაციური გამოგონებები და ბეჭდვითი პროდუქცია. 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონში გამოფენილი იყო აგრარული დარგის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით გამოცემული რეკომენდაციები, სამეცნიერო შრომათა კრებულები, წიგნები, ბროშურები და სხვა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს აკადემიკოსებმა: ა. დიდებულიძემ და მ. ბარვენაშვილმა. მნახველთა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ექსპონატებმა, რომლებიც ეხებოდა ქართულ აბრეშუმს, მის წარმოებას და მეაბრეშუმეობის დარგის დღევანდელ მდგომარეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დამთვარიებლების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც დოქტორმა ი. ჩარგეიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა. გარდა ამისა, დიდი ინტერესი გამოიწვია დოქტორ თ. ბიჭიაშვილის მიერ წარმოდგენილმა ფიტოტესტერმა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მემცენარეობის დარგით დაკავებულ პირებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონს ეწვივნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე: ბატონი ზვიად გაბისონია, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა ჭკადუა და მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.
