2016 წლის 19 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმზე ხელი მოაწერეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. მერაბ ბერიძემ.
მემორანდუმის მიზანია აკადემიას და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მეცნიერებისა და განათლების სფეროებში და აღნიშნული თანამშრომლობის განხორციელება საერთო ინტერესებისა და თანაბარ ურთიერთობათა საფუძველზე; საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნათა დაკმაყოფილება; თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი კომპენტენციის მქონე აგრარული მიმართულების სპეციალისტების მომზადება, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შიდა და საგარეო ბაზარზე; მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობის განსახორციელებლად; მხარეების ერთობლივი მონაწილეობა პროექტებსა და პროგრამებში; პროფესორ-მასწავლებელთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთის მოწინავე სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მივლინების ხელშეწყობა.
ახლო მომავალში მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება აკადემიის წევრების მიერ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასვლითი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება.