მიმდინარე წლის 23 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც აუდიტორიის წინაშე მოხსენებით თემაზე: „ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპლექსი სამთო პირობებში განლაგებული სასოფლო-სამეურნეო ფერმებისთვის“ წარსდგა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი სამთო პირობებშია განლაგებული. ისინი გამოირჩევა რთული რელიეფით (ციცაბო ფერდობები, მცირეკონტურიანი, დასერილ-დანაწევრებული ნაკვეთები და ა. შ.) და ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობით, რაც ამცირებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობას და ართულებს სამუშაო პირობებს. მიუხედავად ამისა, სამთო მიწათმოქმედების განვითარება უალტერნატივოა, რადგან იგი ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებასა და ადგილზე დამაგრებას. გარდა ამისა, უკანასკნელ პერიოდში მზარდი პოპულარობით სარგებლობს აგროტურიზმი, რაც ხელს უწყობს ადგილზე წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქციის მოხმარებასაც.
პროფესორ ნუგზარ ბერიძის აზრით, სამთო რეგიონების სამეურნეო პოტენციალის რაციონალურად გამოყენების საფუძველი სამთო მიწათმოქმედების ტექნოლოგიური გარდაქმნაა, რაც ჯერ საწყის ეტაპზეა. ამ განვითარების ერთ-ერთ ელემენტად უნდა განიხილებოდეს მონორელსური ტრანსპორტი, რომელიც წარმოადგენს ციცაბო ფერდობებზე (ფერდობების დახრის კუთხე ≥20°), მათ შორის, ტერასებზე, განლაგებული ინტენსიური კულტურებისთვის, როგორებიცაა ხეხილი, ვაზი, ციტრუსოვანი კულტურები და ა. შ., შიდასატრანსპორტო საშუალებას (მოკრეფილი მოსავლის ტრანსპორტირება გარე ლოჯისტიკურ პლატფორმებამდე, ანასხლავი მასების გამოტანა, სასუქებისა და პესტიციდების, ასევე ნიადაგის დამამუშავებელი, შემასხურებელი, გამფრქვევი იარაღებისა და მოწყობილობების ტერასებამდე მიტანა და მათი ენერგოუზრუნველყოფა — საწვავის, საკაბელო კვების ან დამუხტვის სერვისის მიწოდება).
შესაბამისად, სამთო მიწათმოქმედებაში ციცაბო ფერდობებზე განთავსებული მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის ენერგეტიკული გარდაქმნისათვის აუცილებელია არსებული შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მონორელსური ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია, მკვებავი ძაბვის უსაფრთხო დონისა და სახეობის შერჩევით, ტენიან გარემოში ადამიანებსა და ცხოველებთან შესაძლო კონტაქტის გათვალისწინებით. მონორელსური ტრანსპორტის როგორც ევროპულ, ასევე იაპონურ და ჩინურ მოდელებს აქვთ ელექტრული მოდიფიკაციები აკუმულატორული კვებითა და ელექტროამძრავით, თუმცა აგროტექნოლოგიური კუთხით ძირითადად გამოიყენება შიგაწვის ამძრავი და აგრეთვე აკუმულატორული კვების ელექტროამძრავი, რომლებიც ნაკლებად საიმედოა და მოსახერხებელი ინტენსიური ოპერირების პირობებში.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სამთო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ელექტრიფიცირებული მონორელსური ტრანსპორტის შესაქმნელად სამუშაოები დაიწყო 1984 წელს (აკად. ვ. მეტრეველი, პროფ. ნ. ბერიძე, დოქტ. ნ. ბუაჩიძე) და მიმდინარეობდა 2010 წლამდე. დამუშავებულია ოთხი მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალება: იაპონური MR-10-ისა და სამამულო МРТ-1-ის ბაზაზე შექმნილი მოდელები და ორი ორიგინალური კონსტრუქცია — ЭМТ-1 და ЭМТ-2. კონსტრუქციული დახვეწა მიმდინარეობდა ენერგეტიკული და საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით. მიღებულია ერთი საავტორო მოწმობა და საქართველოს სამი პატენტი, დაცული იქნა ერთი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია, მოპოვებულ იქნა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსება. კვლევის შედეგები ასახულია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომში და განხილული იქნა მრავალ სამეცნიერო კონფერენციაზე.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გურამ ალექსიძე, ნოდარ ჭითანავა, ალექსანდრე დიდებულიძე; პროფესორები: ოთარ ქარჩავა, ნუგზარ ებანოიძე, ლალი ელანიძე; დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი და მეწარმე ა. ბიწაძე.
კომისიამ ერთხმად მიიღო დადგენილება საწარმოს შექმნის თაობაზე, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მონორელსური ტრანსპორტის მწარმოებლის წარმომადგენელი გახდება, უზრუნველყოფს მისი პროდუქციის გასაღებას და საპროექტო, სამონტაჟო და ტექნიკური სერვისების განხორციელებას. აღნიშნულ საქმიანობასთან ერთად, საწარმო ჩართული იქნება სასწავლო-კვლევით პროცესში და ექნება ლაბორატორია, სადაც სტუდენტები შეისწავლიან და პრაქტიკულად განახორციელებენ პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებს. სამუშაოები დაფუძნებული იქნება ადრე განხორციელებული კვლევების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ელექტრიფიცირებული მონორელსური და გლუვრელსიანი კონსტრუქციების სრულყოფაზე, სამთო და რთულ რელიეფურ პირობებში განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-მოყვანის სამუშაოებისათვის განკუთვნილი ელექტრიფიცირებული ხელის იარაღებისა და მთლიანად სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპლექსის ელექტრომომარაგებისა და ავტომატიზაციის სისტემის დამუშავებაზე და ა. შ.
