საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის მოკლე ისტორია

აკადემიის მოკლე ისტორია

 

 acad logo 60 a

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

(1957–2017)

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

აკადემია იმ პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული, რომლებიც ქვეყნის მრავალდარგოვანი სპეციალიზაციის მქონე აგროსასურსათო კომპლექსის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე აკადემიის საქმიანობაც სპეციფიური და მრავალპროფილიანია. მისი დანიშნულებაა სოფლის მეურნეობის დარგების შეთანწყობილად, კომპლექსურად განვითარების სამეცნიერო უზრუნველყოფა, ამ მიზნით მეცნიერული ძალების ინტეგრაცია, მეცნიერული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ჩამოყალიბდა 1957 წლის 12 დეკემბერს და მისი პირველი პრეზიდენტი იყო აკადემიკოსი მიხეილ ნიკოლოზის-ძე საბაშვილი (1900-1979 წწ). 

GAAS History

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო გახსნა. (1957 წლის 12 დეკემბერი). სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი. პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ..გედევანიშვილი, პრეზიდენტი .. საბაშვილი, .. ლომოური, .. ხომიზურაშვილი, .. კალანდაძე. მეორე რიგში: . თავხელიძე, აკადემიის ვიცე პრეზიდენტი .. ყანჩაველი, .. ჭანიშვილი, .. სარიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი .. შხვაცბაია, ..ერქომაიშვილი.

 

1957 წელს აკადემია აერთიანებდა 14 ნამდვილ წევრსა და 8 წევრ-კორესპონდენტს.

            აკადემიის ნამდვილ წევრებად არჩეულნი იქნენ ცნობილი მეცნიერები:

 ბახტაძე ქსენია; გედევანიშვილი დიმიტრი; დარასელია მიხეილი; დეკაპრელევიჩი ლეონარდო; ერქომაიშვილი სერგო; კალანდაძე ლეონიდე; ყანჩაველი ლევან;  ლომოური იულონ; საბაშვილი მიხეილი; სარიშვილი ივანე; თავხელიძე დავითი;

ხომიზურაშვილი ნიკოლოზი; ჭანიშვილი შალვა; შხვაცაბაია გიორგი.

            აკადემიის წევრ-კორესპონდენტებად არჩეულნი იქნენ ცნობილი მეცნიერები: ბათიაშვილი ირაკლი; გაგოშიძე მიხეილი; ჯაში ივანე; ქანთარია ვალერიანი; კიზირია ანატოლი; მენაღარაშვილი ათინოგენი; რამიშვილი მაქსიმე; რჩეულიშვილი მიხეილი.

შემდგომში ქვეყნის აგრარულ მეცნიერებას 1971 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის-მეურნეობის განყოფილება. 1971 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილება, რომლის აკადემიკოს-მდივნად დაინიშნა აკადემიკოსი ივანე ხოხლოვი (1908-1983). 1983 წელს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე გახდა აკად. ვალერიან მეტრეველი.

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 29 ოქტომბრის #615 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და მის პრეზიდენტად აირჩიეს აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი (1917-2004),  შემდეგ წლებში კადემიის პრეზიდენტები იყვნენ აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე (2004-2005), აკადემიკოსი შოთა ჭალაგანიძე (2007-2012); 2013 წლიდან აკადემიის პრეზიდენტია აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

            1991 წლისათვის აკადემიის სისტემაში ფუნქციონირებდა: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი _ 14, სამეცნიერო ცენტრი - 6 და საცდელი სადგური  - 3;

            1992 წლის 01 იანვრისათვის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დასაქმებული იყო 1007 მეცნიერ თანამშრომელი, მათ შორის 33 - მეცნიერებათა დოქტორი (3,7 %) და 516- მეცნიერებათა კანდიდატი (51,2 %); ასპირანტურაში ირიცხებოდა 92 ასპირანტი, მათ შორის - 40 დასწრებულ სწავლებაზე, 52 - დაუსწრებელ სწავლებაზე.

            დღეისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაშია აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) - 30, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი - 4. აკადემიის საპატიო აკადემიკოსია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების მონაწილეობით საქართველოში შექმნილია სასოფლო - სამეურნეო კულტურებისა და პირუტყვის ახალი ჯიშები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ათეულობით ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია; საქართველო ჩაის მოვლა - მოყვანის, კრეფის და გადამუშავების სამანქანო ტექნოლოგიების სამშობლოა, ამ მიმართულებით შექმნილია 50-მდე ახალი მანქანა და ტექნიკური საშუალება, რომელთა ავტორები აკადემიის წევრები გახლდნენ;. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ხორბლის არსებული 23 ჯიშიდან საქართველო 14 ჯიშის სამშობლოა, ასევეა მევენახეობაში, მეხილეობაში (ვაზის, ხილის ჯიშები) და სხვა, რასაც მსოფლიოში შეიძლება ანალოგიც არ გააჩნდეს.

    დღეისათვის აკადემია არის ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის წევრი. წლების განმავლობაში თანამშრომლობს საყოველთაოდ აღიარებულ კვლევით ორგანიზაციებთან: CGIAR - სასოფლო - სამეურნეო კვლევის საერთაშორისო კონსორციუმი (აშშ);ICARDA -მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (იორდანია);CIMMYT -ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი (მექსიკა);ICRISAT - ნახევრად არიდული ტროპიკული კულტურების საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ინდოეთი);Bioversity International - საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი (იტალია);ACIRO - მსოფლიო მებოსტნეობის ცენტრი (ტაივანი);CACAARI - ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია (უზბეკეთი);IFPRI - სურსათის პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (აშშ);CIP - კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (პერუ); ჩინეთისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის მეც­­ნი­­ე­რებათა აკადემიები; ბელორუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; ვავილოვის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტი (რუსეთი); ბონის უნივერსიტეტი (გერმანია).

      აკადემიას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრუ­ლე­ბები (მემო­რანდუმები): ბიომრავალფეროვნების კვლევით ცენტრთან (სამხრეთ კორეა); პოზნანის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (პოლო­ნეთი); ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტთან (უკრაინა); ვინიცის, პოდოლსკის და ბელაიაცერკოვის სახელმწიფო ეროვნულ აგრარულ უნივერსიტე­ტებ­თან (უკრა­ინა); ვ. ტაიროვის მევენახეობის და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტთან (ოდესა, უკრაინა), სოფლის მეურნეობის მექანიზაცი­ის და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინს­ტიტუტთან (ყაზახეთი); საქართველოს პროფესი­ული განათლების ფონდთან; საქართველოს აგრა­რულ, უნივერსიტეტთან; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; საქართველოს და აჭარის სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროსთან; საქართველოს ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევით ცენტრთან; ჟურნალ “ახალ აგრარულ საქართვე­ლოსთან”;  ტელევიზია "საფერავი ტვ"-თან.

აკადემიაში ფუნქციონირებს ექვსი სამეცნიერო განყოფილება და ორი დეპარტამენტი.

სამეცნიერო განყოფილებებია:

1.      აგრონომიის (აკადემიკოს-მდივანი აკად. გოგოლა მარგველაშვილი);

2.      მეცხოველეობი და, ვეტერინარიის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ჯემალ გუგუშვილი);

3.      აგროინჟინერიის  (აკადემიკოს-მდივანი აკად. რევაზ მახარობლიძე);

4. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ზურაბ ცქიტიშვილი);

5.    სატყეო საქმის (აკადემიკოს-მდივანი აკად. რევაზ ჩაგელიშვილი);

6.    ეკონომიკის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ომარ ქეშელაშვილი).

დეპარტამენტებია:

1.      აკადემიური (დეპარტამენტის უფროსი აკად. ელგუჯა შაფაქიძე);

2.      ადმინისტრაციული (დეპარტამენტის უფროსი დოქტ. ანატოლი გიორგაძე).

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას თავისი არსებობის მანძილზე აკადემიკოსებისა და წევრ - კორესპონდენტების მიერ სულ გამოქვეყნებული აქვს 7700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 203 მონოგრაფია და 155 სახელმძღვანელო, 380 გამოგონება და პატენტი; აკადემიის მეცნიერების მიერ გამოყვანილია მემცენარეობასა და მეცხოველეობაში 25 ახალი ჯიში, მიღებული აქვთ 131 სერთიფიკატი რაციონალიზატორულ წინადადებაზე.

2013 წლიდან დღემდე აკადემიაში ჩატარდა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. აღნიშნულ კონფერენციებზე გარდა ქართველი მეცნიერებებისა, მონაწილეობდნენ საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, თურქეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, ბელარუსიის, მოლდოვის, რუსეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერები.

აღნიშნულის გარდა, უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგებმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მყარი საფუძველი შეუქმნა მას, რათა აგრარული მეცნიერების თანამედროვე მიღწევები წარმატებით იქნეს რეალიზებული პრაქტიკაში.

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com