საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მიხეილ საბაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი
აკადემიკოსი მიხეილ საბაშვილი (1957 – 1961 წ.წ.)


Sabashvili Mმიხეილ ნიკოლოზის ძე საბაშვილი (დაიბადა 1900 წლის 07 აგვისტოს ქ. ბათუმში — გარდაიცვალა 1979 წლის 09 ივლისს ქ. თბილისში) — ქართველი ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1957).

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1930—1942 წლებში სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი იყო; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგმცოდნეობის დოცენტი, შემდეგ კათედრის გამგე და პროფესორი; 1945—1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი;

1957 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 1963—1976 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

მიხეილ საბაშვილმა შეისწავლა საქართველოს ნიადაგების გენეზისი, შედგენილობა-თვისებები, გავრცელება, კლასიფიკაცია, აგროსაწარმოო მაჩვენებლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბიანი ნიადაგური რუკები და სხვა.

მისი შრომები ფართოდ იყო გამოყენებული მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, საირიგაციო და სამელიორაციო მშენებლობების დაპროექტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ახალი ფართობების ათვისებისა და გაუმჯობესების საქმეში. მიხეილ საბაშვილის ხელმძღვანელობით დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული სასუქებისა და ნიადაგთმცოდნეობის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მიერ 1932—1934 წლებში დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგების გამოსაკვლევად, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. 1937—1938 წლებში მისი ხელმძღვანელობით, ჩატარდა საქართველოს მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის ნიადაგების დაწვრილებითი შესწავლა-დახასიათება. 1940 წელს დეტალურად იქნა გამოკვლეული წალკის ქვაბულის ნიადაგები, რომლის შედეგები გაითვალისწინეს ამ წყალსაცავის მშენებლობის პროექტის შედგენისას. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი მუშაობა გასწია სამხედრო რუკების შედგენაზე.

სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასთან ერთად, მიხეილ საბაშვილი განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობასაც. მისივე ხელმძღვანელობით იქნა შესწავლილი ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ნაწილის, სამგორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის, შირაქისა და ტარიბანის ველებისა და კახეთის ნათელი ტყეების ნიადაგები. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა საქართველოს მევენახეობის რაიონებისა და ვენახისათვის გამოსადეგი ნიადაგების მიმოხილვას. 1957 წელს შეადგინა საქართველოს ნიადაგების რუკა საშუალო სკოლებისათვის. მიხეილ საბაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო კონგრესების, საკავშირო ყრილობების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვათა საქმიანობაში.

დაჯილდოებული იყო ლენინის 2 ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენით, `საპატიო ნიშნის~ ორდენით და მედლებით.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com