საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, მევენახეობისა და მეღვინეობის დარგმა დიდი დანაკლისი განიცადა — გარდაიცვალა ქართული მევენახეობის სამეცნიერო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი ნოდარ ჩხარტიშვილი.
ბატონი ნოდარის გარდაცვალებით ქართულმა მეცნიერებამ დაკარგა პიროვნება, რომელმაც თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება ქართული ვაზის, მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას, ეროვნული გენეტიკური რესურსების დაცვასა და მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა. იგი სამუდამოდ დარჩება ქართული ვაზის ერთგულ მესაიდუმლედ და ქომაგად.
ნოდარ ჩხარტიშვილი დაიბადა 1930 წლის 17 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში. 1948 წელს დაამთავრა ჯუმათის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1954 წელს დაამთავრა. 1957 წელს მუშაობა დაიწყო ქედის რაიონში უბნის აგრონომად. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის ასპირანტურაში. 1959 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი იმ ქართული სამეცნიერო სკოლის ღირსეული წარმომადგენელი და გამგრძელებელი იყო, რომლის საფუძვლების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს აკადემიკოსებმა და პროფესორებმა სოლომონ ჩოლოყაშვილმა, ნიკოლოზ ქანთარიამ და მაქსიმე რამიშვილმა.
1973–1974 წლებში იგი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა სამეცნიერო დარგში, 1974 წელს კი დღევანდელი აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობის კათედრის გამგედ აირჩიეს. იყო დოცენტი და პროფესორი. 1975 წლიდან სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით გამოყვანილ იქნა ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების 50-ზე მეტი ახალი სელექციური ჯიში, გამოვლინდა სამრეწველო ვაზის 30-ზე მეტი ჯიშის გაუმჯობესებული კლონი და დაინერგა ნერგების წარმოების, ვენახებისა და ხეხილის ბაღების გაშენებისა და მოვლის ახალი ტექნოლოგიები.
განსაკუთრებული იყო მისი ღვაწლი ქართული ვაზის გენოფონდის დაცვისა და საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის საქმეში. მისი თაოსნობითა და მცენარეთა გენოფონდის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის — „იპგრის“ მხარდაჭერით, ვაშლიჯვრის ექსპერიმენტულ ბაზაზე 400-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში იქნა თავმოყრილი. ქართული ვაზის 150 ჯიში გაშენდა იტალიის საერთაშორისო კოლექციაში, 200-ზე მეტი კი საერთაშორისო კატალოგში დარეგისტრირდა.
ნოდარ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა „საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. მისი საქმიანობა უკავშირდება დარგის განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის შემუშავებას, ყურძნისა და ხილის გადამუშავების უსაფრთხო ტექნოლოგიების განვითარებასა და ადგილწარმოშობის ქართული ღვინოების წარმოების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია წიგნი „ვაზი და ადამიანი“, რომელიც 2004 წელს მილანის უნივერსიტეტში გამოიცა. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველო, როგორც კულტურული ვაზის ფორმათა წარმოშობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა, დახასიათებული და ილუსტრირებულია ქართული ვაზის 150 ენდემური ჯიში. წიგნის იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოცემამ ქართული მევენახეობის სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. 2011 წელს ნოდარ ჩხარტიშვილსა და მის თანაავტორს მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის პრემია მიენიჭათ.
მისი სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზის შექმნის იდეასთან. 2000 წელს შემუშავებული დარგის განვითარების კონცეფციის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობითა და თანადგომით, საგურამოს მიდამოებში სანერგე მეურნეობის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. დღეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემადგენლობაშია და ქვეყნის აგრარული მეცნიერებისათვის მნიშვნელოვან სამეცნიერო რესურსს წარმოადგენს.
აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადებას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. 2007–2020 წლებში იგი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის აგრონომიული და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი იყო.
მრავალწლიანი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ბატონი ნოდარი არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. 2014 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ გადასცა. 2025 წელს იგი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის ცხოვრება ქართული მეცნიერებისა და ეროვნული საქმისადმი ერთგული მსახურების ნათელი მაგალითია. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვაში, მევენახეობის სამეცნიერო საფუძვლების განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდაში.
მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა დარჩება ქართულ მეცნიერებაში, მის ნაშრომებში, განხორციელებულ პროექტებსა და აღზრდილ თაობებში. ბატონი ნოდარის სახელი კვლავაც გაახსენებს მომავალ თაობებს, რომ ქართული ვაზის დაცვა მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობა კი არა, ეროვნული ისტორიისა და კულტურის შენარჩუნების საქმეცაა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა პატივისცემით იხრის ქედს აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის ნათელი ხსოვნის წინაშე და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, აღზრდილებსა და მთელ სამეცნიერო საზოგადოებას.
ბატონი ნოდარის სახელი და ღვაწლი დარჩება ქართული ვაზის ისტორიაში, ხოლო მის მიერ დატოვებული სამეცნიერო მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გაუკვალავს გზას ქართული მევენახეობის განვითარებისა და ეროვნული გენეტიკური რესურსების დაცვის საქმეში.
ნათელი და მარადიული იყოს აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის ხსოვნა!
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
