აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი 85 წლისაა
საქართველოს აგრარული ეკონომიკური აზრისა და მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობა დაკავშირებულია აგრარული სექტორის ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემების კვლევასა და ამ მიმართულებით ახალი სამეცნიერო მიდგომების ჩამოყალიბებასთან.
ომარ ქეშელაშვილი დაიბადა 1941 წლის 14 აგვისტოს მეცნიერთა ოჯახში. მამა ქართული აგრობიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, დედა კი — ცნობილი მეცნიერ-ნიადაგმცოდნე. სამეცნიერო გარემოში აღზრდამ და ოჯახურმა ტრადიციებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი პროფესიული ინტერესებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ჩამოყალიბებაში.
1963 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი. 1968 წელს, 27 წლის ასაკში, დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი სადოქტორო კვლევა, რომელიც გამოჩენილმა მეცნიერებმა მაღალი შეფასებით აღნიშნეს, წარმოადგენდა ახალ მიმართულებას მიწათმოქმედების ქიმიზაციის ეკონომიკური შეფასების სფეროში. კვლევაში, იმ პერიოდისთვის ინოვაციური მიდგომის სახით, გამოყენებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობები.
1994 წელს ომარ ქეშელაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს — აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). იგი ასევე არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.
ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო და ორგანიზაციული საქმიანობა განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, სადაც 1966 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა: თავდაპირველად უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1973 წლიდან — სექტორის გამგედ, 1979 წლიდან — განყოფილების გამგედ, ხოლო 1984 წლიდან — დირექტორის მოადგილედ.
1988 წლიდან იგი იყო აღნიშნული ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 2006 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა ამავე ინსტიტუტის დირექტორად. 2007 წლის 5 სექტემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ახლად დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს — აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტს, თავდაპირველად დირექტორის, შემდგომ კი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელის რანგში.
1991–2011 წლებში ომარ ქეშელაშვილი იყო მის მიერ დაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის — საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტის — რექტორი. 2011 წლიდან კი ამ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული შპს „ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის“ დირექტორია.
2008 წლიდან იგი იყო საერთაშორისო, რეფერირებადი სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ჟურნალის „აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები“ სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი რედაქტორი.
აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერების პრაქტიკულ საჭიროებებთან დაკავშირებული კვლევების განვითარებაა. მისი გამოკვლევებით ჩამოყალიბდა ახალი სამეცნიერო მიმართულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდა აგრარული წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების, რესურსების რაციონალური გამოყენებისა და სამეურნეო რისკების მართვის მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა.
მან პირველმა შეიმუშავა სპეციალური მეთოდიკა და კომპიუტერული პროგრამა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების — მინერალური სასუქების, ჰერბიციდებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების — გამოყენების ეკონომიკური შეფასება. კვლევისას გათვალისწინებული იყო როგორც შესაბამისი მეცნიერული საფუძვლები, ისე საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ-სამეურნეო ზონის თავისებურებები.
საქართველოში პირველად მის მიერ იქნა გამოკვლეული და დადგენილი მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები. ამ კვლევებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებისა და წარმოებაში რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის.
აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ფერმერულ მეურნეობებში სამეურნეო რისკების მართვის პრობლემების სისტემურ კვლევას. 2008–2009 წლებში მან პირველად განსაზღვრა რისკების მართვის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები და უკუგების ოპტიმალური დონეები ფერმერული მეურნეობებისთვის, საქართველოს სხვადასხვა ზონის თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნულ კვლევებს მნიშვნელოვანი მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება აქვს.
მნიშვნელოვანია მისი წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის ზონალური სქემის შემუშავებაშიც. ჩატარებული კვლევების საფუძველზე 2009 წელს საქართველოს ტერიტორია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის მიხედვით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად. აღნიშნული ზონირება, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის კავშირს კვების მრეწველობასთან, საფუძვლად დაედო აგრარულ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და შესაბამისი მიმართულებების განსაზღვრას.
აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის თანახელმძღვანელობით, უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით 1977, 1982 და 1986 წლებში მომზადდა და მასობრივი ტირაჟით გამოიცა ავტორთა კოლექტივის კაპიტალური ნაშრომი „რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების შესახებ“. 1985–1987 წლებში მისი მონაწილეობით მომზადდა ასევე „სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების რეკომენდაციები“ საქართველოს 15 ტიპური სასოფლო-სამეურნეო საწარმოსათვის. აღნიშნული ნაშრომისთვის ავტორთა კოლექტივს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის პრემია.
1970–1980-იან წლებში, მისი თანახელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მრავალი წლის განმავლობაში მუშავდებოდა კომპლექსური პროექტი „მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი აგროსამრეწველო კომპლექსში“, რომელშიც 40-ზე მეტი სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო დაწესებულება მონაწილეობდა.
1970-იანი წლებიდან დაახლოებით 10–15 წლის განმავლობაში აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობითა და საერთო კოორდინაციით განხორციელდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-გამოყენებითი სამუშაოები საქართველოს 15 რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესამუშავებლად. აღნიშნული პროგრამები შემდგომში პრაქტიკაში დაინერგა.
1990-იანი წლებიდან, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო საქმიანობამ ახალი მიმართულებები შეიძინა. 1995 წელს მან შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელო „ბიზნესის ორგანიზაცია“, რომლითაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სარგებლობდნენ.
მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობა არაერთ მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოში აისახა. მათ შორისაა: მათ შორისაა: „აგროსამრეწველო ინტეგრაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (1986); „სამართალმცოდნეობა ყველასათვის“ (2001); „ვინ იცის ეკონომიკა?“ (2004); „ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტი“ (2005); „ინტელექტუალური საუბრები“ (2005); „საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიული სისტემა“ — ოთხ ტომად (2008–2010); „რისკის მართვა ფერმერულ მეურნეობებში“ (2009); „ბიზნესური ეკონომიკა“ (2010); „სამთო სოფლის მეურნეობა (განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები)“ (2010); „ბიზნეს-გეგმის შედგენის თეორია და პრაქტიკა“ (2012); „ეკონომისტისა და ბიზნესმენის ცნობარი“ (2014); „ეკონომიკური ცოდნის მცირე საგანძური“ (2014) და „ეს ყველამ უნდა იცოდეს“ (2015).
აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა არაერთხელ იქნა სათანადოდ დაფასებული. იგი არის საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი პრემიის ლაურეატი (1983), საკავშირო სამეცნიერო-ეკონომიკური საზოგადოების კონკურსის III ხარისხის პრემიის ლაურეატი (1983), საზოგადოება „ცოდნის“ მედლის — „აქტიური მუშაობისათვის“ — მფლობელი (1987), დაჯილდოებულია „ღირსების“ ორდენით (1999). 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება ეკონომიკის დარგში. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს ფუნდამენტურ კვლევებს, მეთოდოლოგიურ ნაშრომებს, სახელმძღვანელოებსა და პრაქტიკული დანიშნულების რეკომენდაციებს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული აგრარული ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ისტორიაში. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაკავშირებულია აგრარული წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის, სამეურნეო რისკების მართვის, საწარმოო სპეციალიზაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების კვლევასთან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ომარ ქეშელაშვილს დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით ენერგიასა და ახალ სამეცნიერო წარმატებებს.
