მეცნიერების საერთაშორისო დღე
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მეცნიერებს სიგელები და ჯილდოები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად გადასცა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ – რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 9 ღვაწლმოსილი მეცნიერი და რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებული 11 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი. 
2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
