ღვაწლმოსილი სელექციონერის სამეცნიერო გზა —
აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი 90 წლისაა
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების მკვლევარსა და სელექციონერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილს მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.
ვაჟა კვალიაშვილი 1936 წლის 29 აგვისტოს გორში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. მის სამეცნიერო არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პაპამ, ცნობილმა სელექციონერმა ვ. ბესტავაშვილმა. სწორედ მისი საქმიანობის გაცნობამ ადრეულ ასაკშივე გაუღვივა ახალგაზრდა ვაჟა კვალიაშვილს ინტერესი სელექციისა და მცენარეთა გენეტიკის მიმართ, რომელსაც შემდგომ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნა.
1954 წელს მან გორის რკინიგზის №11 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობისა და მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან, მისი სამეცნიერო საქმიანობა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სკრის საცდელ სადგურს დაუკავშირდა, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, მოგვიანებით კი — დირექტორად. 1971–1973 წლებში იყო გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი აგრონომი, შემდეგ — დირექტორი. 1973-1983 გორის რაიაღმასკომის თავმჯდომარე, შემდეგ - კასპის რაიკომის პირველი მდივანი. 1983 წლიდან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა სამეცნიერო დარგში, ხოლო 2006 წლიდან ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად აგრძელებდა საქმიანობას.
ვაჟა კვალიაშვილის სამეცნიერო კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი 1969 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვა იყო. ნაშრომი — „ვაზის ჰიბრიდული ფორმების ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებების შესწავლის შედეგები შუა ქართლში“ — ვაზის სელექციის საკითხებს ეძღვნებოდა. 2002 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ატმის სელექცია საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 2003 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს — ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენეტიკა და სელექცია, ქართული გენოფონდის შესწავლა, ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია, ინდუცირებული მუტაგენეზი და სელექციისათვის საწყისი მასალის შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მრავალწლიანი კვლევები ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების გამოვლენის, მათი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლისა და სელექციურ პროცესში გამოყენების მიმართულებით.
ხანგრძლივი კვლევის შედეგად ვაზისა და ატმის ჰიბრიდული ფონდებიდან მან გამოარჩია მაღალი სამეურნეო ღირებულების მქონე მრავალი ახალი ჯიში და ფორმა. ხელოვნური ჰიბრიდიზაციით მიღებული აქვს ყურძნისა და ატმის 30-მდე ახალი ჯიში. მათ შორისაა ატმის ჯიშები „ატენური ყვითელი“, „შაქარგულა“, „მარიამი“, „ვაჟური“, „ნუგურა“, „გორის ყვითელი“ და სხვ. ვაზის ჰიბრიდულ ფორმებს შორის აღსანიშნავია „გორული თეთრი“, „წვრილმარცვალა“, „ბესტავაშვილის თავკვერი“ და განსაკუთრებით „ორსქესიანი თავკვერი“, რომელიც შუა ქართლის პირობებში მაღალხარისხოვან წითელ საღვინე მასალას იძლევა.
მეცნიერის კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრეთვე ვაზისა და ატმის ჯიშების კომბინაციური უნარიანობის, მორფოლოგიური ნიშნების, ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების შესწავლას. ამ კვლევებმა საფუძველი შეუწყო მიზნობრივი სასელექციო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს პირობებისათვის პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების შერჩევას.
ვაჟა კვალიაშვილი წლების განმავლობაში იკვლევდა არა მხოლოდ ვაზსა და ატამს, არამედ ვაშლის, მსხლის, გარგარის, ქლიავის, კაკლის, მაყვლისა და სხვა კულტურების ქართულ გენოფონდსაც. მისი შრომები ეხება ქართული გენოტიპების ბიოლოგიურ თავისებურებებს, მათი გენეტიკური და სელექციური ღირსებების შეფასებას, დაკარგული ჯიშების მოძიებისა და აღდგენის აუცილებლობას და ქართული გენოფონდის ახალი, მაღალხარისხოვანი სელექციური ფორმებით გამდიდრებას.
მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა 130-მდე ნაშრომს მოიცავს, მათ შორისაა წიგნი და 10 რეკომენდაცია. არის სამი პატენტის მფლობელი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. 1983–2006 წლებში იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის რედაქტორის მოადგილე, კოშინოვის „მებაღეობის ინციკლოპედიის“ (მოლდოვა) სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხოლო 1996–2005 წლებში გორის სასწავლო უნივერსიტეტში მევენახეობისა და მეხილეობის მიმართულებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებს კითხულობდა.
ვაჟა კვალიაშვილის სამეცნიერო საქმიანობა არაერთი ჯილდოთი და მაღალი პროფესიული აღიარებით აღინიშნა. იგი არის მეხილეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს ბიზნესის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი. დაჯილდოებულია ნ. ვავილოვის სახელობის საიუბილეო მედლით, ორდენებით „შრომის წითელი დროშისა“ და „შრომითი მამაცობისათვის“. იგი გორის საპატიო მოქალაქეა.
აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის მრავალწლიანი მოღვაწეობა ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარებას, ეროვნული გენეტიკური რესურსების შესწავლასა და მათ სელექციურ გამოყენებას უკავშირდება. მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი ღირებულება სწორედ ამ მიმართულებების ერთიანობაშია — ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის შესწავლა, მისი შენარჩუნება, გამდიდრება და პრაქტიკული სელექციისთვის გამოყენება.
90 წლის იუბილე ღირსეული დროა იმ სამეცნიერო გზის შესაფასებლად, რომელიც აკადემიკოსმა ვაჟა კვალიაშვილმა ექვს ათეულზე მეტი წლის განმავლობაში განვლო და რომელსაც ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარების საქმეს მიუძღვნა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ვაჟა კვალიაშვილს დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, შემოქმედებით ენერგიასა და ახალ სამეცნიერო წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი მკვლევარი
აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს 90 წელი შეუსრულდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის დარგში გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ მკვლევარს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრს, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანსა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის მიმართულების კოორდინატორს, აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს 22 აგვისტოს დაბადებიდან 90, ხოლო ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.
რევაზ მახარობლიძე დაიბადა 1936 წლის 22 აგვისტოს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში. 1954 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით. 1961–1964 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მინსკი). სწავლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს, ლიტვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (ქ. კაუნასი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1982 წელს — სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1990 წელს რევაზ მახარობლიძე არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1992 წელს — აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
ბატონი რევაზი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ასისტენტად (1959–1961), კათედრის გამგედ (1967–1974); საბჭოთა კავშირის არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ მუშაკად (1974–1976); საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში — განყოფილების გამგედ (1976–1981) და ინსტიტუტის დირექტორად (2000–2006); საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) — კათედრის გამგედ (1982–2006), ხოლო 2007 წლიდან — სრულ პროფესორად.
რევაზ მახარობლიძის სამეცნიერო კვლევები ძირითადად მიმართულია სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკის, საიმედოობისა და პარამეტრების ოპტიმიზაციის პრობლემების გადაწყვეტისაკენ. მის ნაშრომებში ფართოდ არის გამოყენებული და განვითარებული, სასოფლო-სამეურნეო მანქანების სპეციფიკის გათვალისწინებით, რეოლოგიის, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის, წრფივი და არაწრფივი რხევების, ოპტიმალური პროცესებისა და სხვა თანამედროვე მეთოდები.
აღნიშნული კვლევების საფუძველზე მან შეიმუშავა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის მექანიზაციის ოპტიმალური პარამეტრების ანალიზისა და სინთეზის მეთოდები. მისი სამეცნიერო ნაშრომები და თეორიული დებულებები ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო-კვლევით, საკონსტრუქტორო და სასწავლო დაწესებულებებში ახალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების შექმნისა და არსებული კონსტრუქციების სრულყოფის, აგრეთვე საინჟინრო და სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ბატონი რევაზ მახარობლიძე წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო საქმიანობას პედაგოგიურ, ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი მუშაობდა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების პროგრესული მეთოდების დანერგვაზე და ნაყოფიერად მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით 44-მა ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, მათგან ცხრამ კი მოგვიანებით სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა.
რ. მახარობლიძე იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული სადოქტორო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე, რესპუბლიკის რამდენიმე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რიგ სამეცნიერო მიმართულებებს.
აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 430 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 24 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო და 6 რეკომენდაცია. იგი 71 გამოგონების ავტორია.
აკადემიკოს რ. მახარობლიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, ყრილობასა და კონგრესში, სადაც მისი მოხსენებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა.
მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე არაერთი მაღალი ჯილდოსა და აღიარების მფლობელია. იგი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია (1994); დაჯილდოებულია „საბჭოთა კავშირის გამომგონებლის“ სამკერდე ნიშნით, „ღირსების ორდენით“ (1999), 2006 წლის საუკეთესო მეცნიერის ვერცხლის მედლით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით, იუნესკოს საპატიო სიგელით სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2022), აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომით ნაშრომისათვის „მცირე მექანიზაციის ხელის მანქანების დინამიკა და ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშების საფუძვლები“ (2023).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ რევაზ მახარობლიძეს დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, კეთილდღეობას და კვლავაც ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.
