ტყე ბუნების დიდი საჩუქარია, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ტყეების შენარჩუნებით ვინარჩუნებთ არა მხოლოდ პლანეტის მწვანე საფარს, არამედ სიცოცხლეს დედამიწაზე. ამიტომ ტყეების დაცვა და ტყის მუშაკთა პატივისცემა თითოეული ჩვენგანის ვალია.
კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა ტყის სიკეთით, თუმცა ხშირად მას უდიერადაც ეპყრობოდა. თანამედროვე სამყაროში, გლობალური დათბობისა და ტყის ხანძრების საფრთხის პირობებში, ტყეებს კიდევ უფრო მეტი დაცვა და ზრუნვა სჭირდება, ხოლო ამ მნიშვნელოვან მისიას ტყის მუშაკები იღებენ საკუთარ თავზე. მათი შრომის წყალობით გაჩეხვისა და ხანძრების შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე მილიონობით ახალგაზრდა ნერგი ირგვება, ხორციელდება ტყის მცენარეულობის მოვლა და აღდგენა, მიმდინარეობს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ტყის მუშაკები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის აღკვეთაში და ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სექტემბრის თვეში ტრადიციულად აღინიშნება ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე. წელსაც 18 სექტემბერს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, წევრ-კორესპონდენტი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი და მარიამ მოსაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის უფროსი, დოქტორი გოჩა წერეთელი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.
თემატური სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მანვე წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ტყის ეკოსისტემების სტაბილურობის შენარჩუნების და დეგრადირებული კორომების აღდგენის ღონისძიებები“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთის ტყეები მრავალმხრივ დამცავ-ეკოლოგიურ ფუნქციებს ასრულებენ, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი წყალმარეგულირებელი და ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქციები.
წარსულში, ტყის ეკოსისტემების გადაჭარბებული ექსპლუატაციისა და უსისტემო - ამორჩევითი ჭრების შედეგად, საქართველოს მთის ზოგიერთმა ტყემ დეგრადაცია განიცადა, გამეჩხერდა. ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად მკვეთრად გაუარესდა ნიადაგების წყალმართვი თვისებები, გაძლიერდა ზედაპირული ჩამონადენი, გააქტიურდა ეროზიული პროცესები, რამაც ხელი შეუწყო მეწყრების, თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების წარმოქმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მთის ტყეების ეკოსისტემების დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების სტაბილურობის შენარჩუნებისა და დეგრადირებული კორომების აღდგენისათვის მეცნიერულად დასაბუთებული სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავებას.
მომხსენებლის მოსაზრებით, დაცვით-ეკოლოგიური დანიშნულების ტყის ეკოსისტემებში რეკომენდებულია ნებით-ამორჩევითი ჭრების ჩატარება. ამასთანავე, საქართველოს ტყის ეკოსისტემებში მიზანშეწონილია განხორციელდეს მეურნეობის ისეთი კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფორმით რთული, შემადგენლობით შერეული და მაღალპროდუქტიული კორომების ფორმირებას. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობის შენარჩუნებას, არამედ მაღალხარისხოვანი მერქნის, ნაყოფის, თაფლისა და ტყის სხვა სასარგებლო პროდუქტების მიღებასა და კვლავწარმოებას.
სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო მთელი აუდიტორია. წარმოდგენილ თემასთან დაკვშირებით დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.
თემატური სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ მრავალი პრობლემური საკითხის განხილვასა და მათი გადაწყვეტის რეალური გზების დაგეგმვას.
