მეცნიერების მსოფლიო დღე -
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
მეცნიერების თითოეულ მიმართულებას უდიდესი როლი ენიჭება კაცობრიობის განვითარებაში. იგი პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს და ცოდნას ადამიანთა კეთილდღეობის, მშვიდობისა და პროგრესის სამსახურში აყენებს. ამ მხრივ, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ აგრარული დარგის მეცნიერები, რომელთა მრავალწლიანი თავდადებული შრომა, პროფესიონალიზმი და სამეცნიერო ძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს არა მხოლოდ აგრარული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინსვლასა და მსოფლიო პროგრესში.
აგრარული მეცნიერების მიღწევები ქმნის საფუძველს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის, ხელს უწყობს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. სწორედ ამ მიმართულებებით გაწეული სამეცნიერო საქმიანობა განსაზღვრავს მომავლის განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევების პირობებში. 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება მეცნიერების მსოფლიო დღე. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი.
საზეიმო სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ყურადღება გაამახვილა აგრარიკოს მეცნიერთა ღვაწლსა და მათი კვლევების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც აგრარულმა მეცნიერებამ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მიაღწია. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რადგან მოსახლეობის ზრდა და ბუნებრივ-კლიმატური ცვლილებები არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც მსოფლიოს მოსახლეობას, ისე აგრარულ მეცნიერებასა და მის წარმომადგენლებს. აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ ისიც აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ორმაგად საზეიმოა, რადგან დაჯილდოვდებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებელ კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის, თავისებურებებს და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, აგრარულ მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან თითოეულ დამსწრეს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიკოსი თემურ რევიშვილი, რომელმაც განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა სერგი დურმიშიძე. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია მიენიჭა.
აუდიტორიის წინაშე წარდგა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მისთვის ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობითი პრემიის მინიჭებისთვის.
საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი მაია ფეიქრიშვილი და მოწვეული სტუმრები.
შემდეგ გაიმართა აკადემიის მიერ გამოცხადებულ გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებელ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ თითოეულ გამარჯვებულს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები და ახალი სამეცნიერო მიღწევები უსურვა.

