საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი მილოცვა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და აგრარიკოსი მეცნიერები გულითადად ვულოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და მის წევრებს დაარსებიდან 85 წლისთავს, გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში მათი გამორჩეული წვლილისადმი და თანადგომას ვუცხადებთ აკადემიას სამეცნიერო ტრადიციების განმტკიცების, ახალი მიღწევებისა და ქართული მეცნიერების შემდგომი წინსვლის გზაზე.
განსაკუთრებული პატივისცემითა და სიამაყით აღვნიშნავთ ქართული მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავს. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი არა მხოლოდ განვლილი გზის შეჯამების, არამედ ქართული მეცნიერების ისტორიული მემკვიდრეობის გააზრებისა და მისი მომავალი განვითარების პერსპექტივების განსაზღვრის მნიშვნელოვანი საფუძველიცაა.
85 წელი მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის — ეს არის ქართული მეცნიერების განვითარების, ინტელექტუალური შემოქმედებისა და ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის განმტკიცების მნიშვნელოვანი ისტორიული გზა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღირსეულად აგრძელებს იმ მრავალსაუკუნოვან საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ ტრადიციას, რომლის ფესვებიც ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურულ და ცივილიზაციურ წარსულში, კოლხეთისა და იბერიის ისტორიულ სამყაროში იძებნება.
ამ დიდ ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და ამდიდრებდნენ ქართველი მოაზროვნეები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის სახელები, გელათისა და იყალთოს აკადემიები ქართული განათლების, ფილოსოფიური აზროვნებისა და ინტელექტუალური კულტურის იმ მაღალი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, რომლითაც ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს. ჩვენი წინაპრებისთვის ცოდნა მხოლოდ განათლების მიღების საშუალება არ ყოფილა — იგი ეროვნული თვითშეგნების, სულიერი და კულტურული განვითარების, საზოგადოებრივი წინსვლისა და ქვეყნის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენდა.
ამ ისტორიული მემკვიდრეობის ორგანულ გაგრძელებად XX საუკუნეში ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელმაც თავისი არსებობის 85 წლის განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში, ეროვნული სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განვითარებასა და საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაში. აკადემიის ისტორია განუყოფლად უკავშირდება გამოჩენილ მეცნიერთა სახელებს, რომელთაც თავიანთი ცოდნა, ნიჭი, დაუღალავი შრომა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მეცნიერებისა და სამშობლოს სამსახურს მიუძღვნეს.
აკადემიის მრავალმხრივი მიღწევები იმ მეცნიერთა და სამეცნიერო თაობათა თავდადებული საქმიანობის შედეგია, რომლებმაც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში იკისრეს ქართული მეცნიერების განვითარების პასუხისმგებლობა და შექმნეს მისი დღევანდელი წარმატებების მტკიცე საფუძველი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აკადემიის ხელმძღვანელთა ღვაწლი, რომელთა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი სამეცნიერო ავტორიტეტისა და ეროვნული მნიშვნელობის განმტკიცებაში. დღეს ამ მდიდარ მემკვიდრეობას აგრძელებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომლის მოღვაწეობაც ქართული სამეცნიერო ტრადიციების შენარჩუნებას, მათ სათანადო დაფასებასა და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის განვითარებას უკავშირდება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავი, უპირველეს ყოვლისა, არის პატივის მიგება იმ თაობათა წინაშე, რომლებმაც თავიანთი მეცნიერული მოღვაწეობით შექმნეს ქართული მეცნიერების მტკიცე საფუძველი, განამტკიცეს მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და ცოდნის განვითარება ეროვნული პროგრესის მნიშვნელოვან წინაპირობად აქციეს.
ამავე დროს, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი გვახსენებს პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე — შევინარჩუნოთ და გავამდიდროთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა, ხელი შევუწყოთ ახალი ცოდნის შექმნას, ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ განვითარებასა და სამეცნიერო სკოლების უწყვეტობას, რათა ქართულმა მეცნიერებამ ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და კვლავაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და კულტურულ წინსვლაში.
დაე, საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ქართული ცოდნის, განათლებისა და მეცნიერული აზროვნების ტრადიცია მომავალ თაობებშიც უწყვეტად გაგრძელდეს; დაე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ღირსეულად ატაროს ქართული მეცნიერების მაღალი ავტორიტეტისა და ეროვნული ინტელექტუალური ერთიანობის სიმბოლოს სახელი, ემსახუროს საქართველოს განვითარებასა და ქართული მეცნიერების საერთაშორისო აღიარების განმტკიცებას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აგრარიკოს მეცნიერთა სახელით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე
