მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის აჭარის სამეცნიერო - საკოორდინაციო ცენტრში
2026 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „აჭარის სოფლის მეურნეობა: გამოწვევები და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის აგრარული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, დარგის განვითარების შესაძლებლობების შეფასება და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ინიციატივების განსაზღვრა.
მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ზაურ ფუტკარაძემ. მან მონაწილეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, რის შემდეგაც სიტყვა გადასცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს, ეკონომიკის დოქტორ ნატო ჯაბნიძეს.
ნატო ჯაბნიძე აუდიტორიის წინაშე წარდგა მოხსენებით: „აჭარის სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები“. მომხსენებელმა მიმოიხილა აჭარის მემცენარეობისა და მეცხოველეობის სექტორების მდგომარეობა, ციტრუსის წარმოების დინამიკა და დარგში არსებული სტრუქტურული პრობლემები. ძირითად გამოწვევებად დასახელდა მცირე და დანაწევრებული მეურნეობები, შრომითი რესურსების დეფიციტი, სოფლის მოსახლეობის დაბერება, მცენარეთა და ცხოველთა დაბალი პროდუქტიულობა, აგრეთვე წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებებით არსებული სირთულეები.
დოქტორმა ნ. ჯაბნიძემ ყურადღება გაამახვილა დარგის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ციფრული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებაზე, ხარისხის მართვაზე, აგროტურიზმის ხელშეწყობასა და ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერაზე. მისი შეფასებით, ამ მიმართულებების გაძლიერება აჭარის სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მრგვალ მაგიდაზე მოხსენება „აჭარის სოფლის მეურნეობის 2015–2025 წლების ძირითადი ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების ანალიზი“ წარმოადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსმა, ეკონომიკის დოქტორმა ჯამბულ აბულაძემ. მოხსენებაში განხილული იყო ერთწლიანი კულტურების, მათ შორის კარტოფილისა და სიმინდის ნათესი ფართობების დინამიკა და მათი შედარებითი მაჩვენებლები რეგიონულ და ეროვნულ ჭრილში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცხოველეობის სექტორში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობისა და რძის წარმოების მაჩვენებლების ცვლილებებს. დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა მეფუტკრეობის მიმართულებითაც.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსებისა და მეცხოველეობის პოტენციალის აღდგენა, აგრეთვე მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
ორივე მოხსენების ირგვლივ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიამ შესაძლებელი გახადა სექტორში არსებული პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების მრავალმხრივი განხილვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების აქტუალურ საკითხებს, აგრარული წარმოების შესაძლებლობებს, მეცნიერებისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირის გაძლიერებასა და დარგის მდგრადი განვითარებისათვის თანამშრომლობის აუცილებლობას.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯერეს მოსაზრებები, გამოკვეთეს ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.
გარდა ამისა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში განისაზღვრა აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს 2027 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც აისახა აგრარული მეცნიერების, სოფლის მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობისა და შესაბამისი ინსტიტუციების კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
მრგვალმა მაგიდამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მეცნიერების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აგრარული წარმოების სფეროს წარმომადგენელთა ერთობლივი ჩართულობის მნიშვნელობა რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.
შეხვედრა დასრულდა სამომავლო თანამშრომლობის მზაობითა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების სურვილით – ხელი შეეწყოს აჭარის აგრარული სექტორის განვითარებას, მისი პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და მდგრადი განვითარების პერსპექტივების რეალიზებას.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, აგრარული წარმოების მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და მეწარმეები.
