ქართველი ხალხის ყოფასა და კულტურაში პურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი არა მხოლოდ ყოველდღიური საკვები, არამედ სიცოცხლის, კურთხევის, შრომისა და კეთილდღეობის სიმბოლოცაა. პურის კულტურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მემკვიდრეობით მიღებული სამეურნეო გამოცდილება და პურის ცხობის ტრადიციები. სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, დაცვასა და პოპულარიზაციას ემსახურება პურის ფესტივალი, რომელიც 2018 წლიდან ყოველ შემოდგომაზე თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, იმართება.
2026 წლის 17–18 ოქტომბერს გამართულმა ფესტივალმა კვლავ გააერთიანა ქართული ხორბლის, ფქვილისა და პურის მწარმოებლები, დარგის სპეციალისტები, მეწარმეები და ქართული პურის კულტურით დაინტერესებული საზოგადოება. ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით წარიმართა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ პურის წარმოებასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ქართულ ენდემურ ხორბალსა და მისგან დამზადებული პროდუქციის თავისებურებებს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს. სტუმრებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ლექციას თემაზე „პურის ტრადიციები და ენდემური ხორბალი“, შეხვედროდნენ დარგის სპეციალისტებს და დასწრებოდნენ თონეში პურის ცხობისა და მესხური ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასებს. ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ტრადიციული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ქართული პურის მრავალფეროვნების წარმოჩენასა და მომავალი თაობის დაინტერესებას ეროვნული კულინარიული მემკვიდრეობით.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული ხორბლის ადგილობრივი სახეობებისა და მათგან მიღებული პროდუქციის წარმოჩენა იყო. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ენდემური ხორბლის სახეობების, მათ შორის დიკის, მახასა და ასლის, მარცვლისგან ტრადიციული მეთოდებით გამომცხვარი პური. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ნატურალური მეღვინეობის პროდუქტები, ყველი და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი.
ფესტივალის ფარგლებში ქართული ხორბლისგან დამზადებული ნაწარმი წარმოადგინეს სხვადასხვა კომპანიამ, ორგანიზაციამ და კერძო მეწარმემ. სტუმრებს შეეძლოთ ადგილობრივი ხორბლისგან წარმოებული ფქვილისა და პურის შეძენაც. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შპს „ლომთგორას“, ნატახტარის დედათა მონასტრისა და გაერთიანება „ქართული ხორბლის“ წარმომადგენლები. წარმოდგენილი იყო აგრეთვე გაერთიანება „იფქლი დიღომის“, „თემი“-სა და „ამმარი“-ს პროდუქცია, ასევე კერძო მეწარმეების — „ჟან-ჟაკის პურის“, „Maris Puri“-სა და „ივანურის“ — ნაწარმი და სხვა პროდუქცია. 
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ 2026 წელს პურის ფესტივალმა საერთაშორისო კონკურსზე Acanthus Prize-ის ოქროს ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში „საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება“.
ეს აღიარება ხაზს უსვამს ფესტივალის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, აგრეთვე მის როლს ქართული პურის კულტურისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების პოპულარიზაციაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალს სტუმრობდნენ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი მალხაზ დოლიძე; აკადემიის კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული; აგრეთვე აკადემიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი და წამყვანი სპეციალისტი მარიამ მოსაშვილი.
პურის ფესტივალი ქართული კულტურული და აგრარული მემკვიდრეობის წარმოჩენის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. იგი აერთიანებს ტრადიციას, ცოდნასა და თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობას, ხელს უწყობს ქართული ხორბლისა და მისგან დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს პურის განსაკუთრებულ ადგილს ქვეყნის ისტორიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
