უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის 2024 წლის წლიური ანგარიშების შეფასების შედეგები
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ მოქმედ კანონში მე-161 მუხლის „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება“ მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ აკადემია „იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს“.
წინა წლებში აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შეფასება/ რეცენზირება ხდებოდა მხოლოდ ხარისხობრივად. მიმდინარე წლის 18 მარტს აკადემიის პეზიდიუმის 2025 წლის 27 თებერვლის №2 სხდომის დადგენილების საფუძველზე, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის მიერ ხელმოწერილი იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების ჩატარების ახალი დებულება, რომლის თანახმად შეფასება ხორციელდება რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოყენებით. ამ დებულების შესაბამისად 28 მარტს სარეცენზიო მასალა დაეგზავნათ თითოეული სამეცნიერო/სასწავლო ერთეულისათვის გამოყოფილ ორ-ორ შემფასებელს.
ახალი დებულებით ჩატარდა შვიდი უნივერსიტეტის 18 სამეცნიერო/სასწავლო ერთეულის შეფასება, მ.შ. 11 შეფასება - ორ-ორი შემფასებლის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც ქულებში განსხვავება 8-ს აღემატებოდა, დამატებით ხდებოდა მესამე შემფასებლის გამოყოფა. ანალიზის ჩასატარებლად, აგრეთვე შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების განსახილველად აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: რ. ასათიანი, ა. დიდებულიძე, ლ. დოლიძე, პროფესორი თ. ბაციკაძე და დოქტორი თ. ეპიტაშვილი. სწორედ ჯგუფის წევრთა მიერ 6 შემთხვევისთვის ჩატარდა დამატებითი რეცენზირება.
კვლევით/სასწავლო ერთეულებს შორის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილებამ; შეფასება „კარგი“ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტებმა, ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა. სამწუხაროდ, ორმა ერთეულმა ვერ მიიღო დადებითი შეფასება.
რაც შეეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 19 სამეცნიერო ერთეულის 2024 წლის ანგარიშებს, ისინი შეფასდა ახალი დებულების მიღებამდე გაცილებით ადრე, ანუ ძველი დებულების შესაბამისად. აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთმა ერთეულმა (ბიოაგროწარმოების განყოფილება) მიიღო უმაღლესი შეფასება, ხუთმა - კარგი, თორმეტმა - დადებითი, ხოლო ერთი ერთეულის შეფასება ვერ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებაში მონაწილეობა მიიღი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 16 წევრმა და სტიპენდიატმა, აგრეთვე აგრარული მიმართულების 11 წამყვანმა მეცნიერმა.