22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
2001 წლიდან მთელ მსოფლიოში 22 მაისს აღინიშნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
(International Day for Biological Diversity).
ბიომრავალფეროვნება დღეისათვის გამალებით მცირდება. იღუპება მცენარეები, დედამიწის ზედაპირიდან ქრება ტყეები და ცხოველები ... ამის მიზეზი ძირითადად ადამიანის აქტიური ეგოცენტრისტული, მომხმარებლური საქმიანობაა. პლანეტა დედამიწის გულშემატკივარმა მეცნიერებმა სახეობების ბიოლოგიური მრავალფეროვნების სამომავლო ბედის შესახებ შეშფოთება გამოხატეს 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გაეროს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე. მათ მთელ მსოფლიო საზოგადოებას სთხოვეს, პირველ რიგში ყურადღება მიაქციონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ. დღეს ამ კონვენციის მონაწილეა 200-მდე სახელმწიფო. აშკარაა ის მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვიან კონვენციას მიერთებული ქვეყნები: ცოცხალი სახეობების და ეკოლოგიური სისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება და სარგებელის მიღება გენეტიკური რესურსების გამოყენებით. ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყროს დედამიწაზე ფლორისა და ფაუნის მრავალი წარმომადგენლის შეუქცევადი გაქრობის პრობლემისაკენ.
2021 წელს გაეროს გადაწყვეტილებით ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ დევიზით: „ჩვენ საკითხის გადაწყვეტის ნაწილი ვართ“. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა პირველყოვლისა იმის გამო, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გააცნობიეროს, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება ყველა ჩვენთაგანის ვალია. ამაზე ჯერ კიდევ ბიბლიაშია ლაპარაკი, როდესაც უფალი უბრძანებს ნოეს ყველა სახის სულიერის გადარჩენას. მეორეს მხრივ აუცილებელია გავაცნობიეროთ ისიც, რომ მიუხედავად თანამედროვე მიღწევებისა მოწინავე ტექნოლოგიების დარგში, მსოფლიოს მოსახლეობის არსებობა დამოკიდებულია ბუნების სიჯანსაღეზე, (ეკოსისტემების მდგომარეობაზე) სასმელი წყლის, საკვების და ჰაერის ხარისხზე. კაცობრიობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მომავალი თუ მას ჰარმონიული დამოკიდებულება ექნება მოყვასთან და გარემომცველ სამყაროსთან.
დღეს საუბარი გვექნება ბუნების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეკოსისტემაზე - ნიადაგზე, რომელიც გამოირჩევა თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით.
(სოფლის მეურნეობის დოქტორის რევაზ ლოლიშვილის სტატიას „ნიადაგის ბიომრავალფეროვნება“ გთავაზობთ ბმულზე... )





2021 წლის 26 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც მოსმენილი იქნა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის მოხსენება და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკად. გივი ჯაფარიძის თანამოხსენება 2020 წელს აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოხსენებებში აღნიშნული იყო ყველა ის საკითხები და ღონისძიებები, რომლებიც განხილული და ჩატარებული იქნა 2020 წელს. აღინიშნა აკადემიის წევრების აქტივობის შესახებ, რომლებიც მათ გამოიჩინეს კოვიდ-19 პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში
სტიპენდიატობის კონკურსანტების მოხსენებების (ინფორმაციები სტიპენდიატების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ) შემდეგ ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატებად არჩეული არიან დოქტ. ზვიად ტიგინაშვილი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში) და მამუკა ბენაშვილი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში).



