საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საინოვაციო ბანკი

სარეალიზაციოდ წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-საინოვაციო-ტექნოლოგიური პროდუქციის  მოკლე მონაცემები


უკანასკნელ წლებში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა უარყოფითად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე. მნიშვნელოვნად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა, ძალზე დაბალია სასუქების, მცენარეთა დაცვისა და მექანიზაციის საშუალებების გამოყენების დონე, პრობლემებია მეცხოველეობაში.

საქართველოს აგრარიკოს მეცნიერთა მცდელობა ამჟამად მიმართულია აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებისაკენ, რათა ქვეყანაში შეიქმნას იმის სრული შესაძლებლობა, რომ ვაწარმოოთ გაცილებით მეტი და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, დავიცვათ ნიადაგი, მცენარე და მიღებული პროდუქტი სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, რათა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლის გატანაც შესაძლებელი იქნება უცხოეთის ბაზარზე.


აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში დამუშავებულია და სარეალიზაციოდ წარმოდგენილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ახალი ჯიშები, ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ფართოდ შეიძლება იყოს გამოყენებული სოფლის მეურნეობაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობის დაკმაყოფილებას სასურსათო პროდუქტებით.

მათ შორის:

შექმნილია მარცვლოვანი კულტურების ახალი მაღალმოსავლიანი ჯიშები და ჰიბრიდები: ხორბლის ჯიშები _ "აისი"; "მცხეთა 1"; სიმინდის ჰიბრიდები _ "ქართული 9"; "ივერია 70"; და სხვა. ხორბლის ჯიში "აისი" ცხობადობით და პურის ხარისხით მნიშვნელოვნად ჯობია საქართველოში დარაიონებულ ცნობილ ჯიშს "ბეზოსტაია 1"-ს. ხასიათდება მაღალმოსავლიანობით 45-50 ც/ჰა, რითაც `ბეზოსტაიას" აღემატება 10-12 ცენტნერით ჰექტარზე.
საშემოდგომო ხორბლის ჯიში "მცხეთა 1" გამოირჩევა გვალვისა და სოკოვანი დაავადებებისადმი გამძლეობით; არ წვება, კარგად ილეწება, შედარებით ადრეულია. სხვა ბიოლოგიური და სასურსათო მაჩვენებლებითაც ჯობია "ბეზოსტაია 1"-ს:

სიმინდის ჰიბრიდი "ქართული 9" ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით; ჩაწოლისადმი კარგი გამძლეა

სიმინდის ჰიბრიდი "ივერია 70" სამარცვლე და სასურსათო მიმართულების პირველი მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდია; საშუალო-საგვიანო სიმწიფისაა.
შექმნილია სამარცვლე-პარკოსანი კულტურების ახალი მაღალ პროდუქტიული ჯიშები და ჰიბრიდები: სოიას ჯიში "დარიალი", მუხუდოს ჯიში "ელექსირი"; ოსპის ჯიში "პაბლო" და სხვა.
ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე სასურსათო მუხუდოს ადგილობრივი ფორმა "სარკინეთი", რომლის გავრცელებაც მიზანშეწონილია ჯავახეთის პირობებში.


დამუშავებულია ხეხილის ნერგის წარმოების ახალი ტექნოლოგია, როგორც ნათესარ, ისე ვეგეტატიურ კლონურ საძირეებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მეხილეობის შემდგომი განვითარება უნდა წარიმართოს ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღების გაშენებით. ნერგის წარმოების ტექნოლოგიაში პერსპექტიულია მიმართულება ტორფნეშომპალიან ან სხვა საკვები სუბსტრატით შევსებულ პოლიეთილენის კონტეინერებში მოყვანილი კაკლისა და სხვა ხეხილოვანი კულტურების მწვანე ნერგით ზაფხულში ბაღების გაშენება. იგი მთლიანად გამოთიშავს სანერგეს, არსებულთან შედარებით 10-15%-ით ზრდის ნერგის გამოსავლიანობას და ერთი წლით აჩქარებს ბაღების შესვლას მსხმოიარობაში.

დღეს საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დიდ მასივებზე თხილის ერთშტამბიანი ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენება, რისთვისაც აუცილებელია საკუთარფესვიანი ნერგის დიდი რაოდენობით წარმოება. იტალიელ და ბულგარელ სპეციალისტებთან ერთად დამუშავებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს 85% საკუთარფესვიანი სტანდარტული ნერგის მიღებას და ბაღში ამონაყრების შემცირებას.

დამუშავებულია ვაზის მწვანე ნამყენი ნერგის გამოყვანის ახალი ინტენსიური ტექნოლოგია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვაზის მწვანე ნამყენი ნერგის გამოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია ორანჟერიის პირობებში, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში (2-3 თვე) სტანდარტული, უნიკალური და დეფიციტური აბორიგენული ვაზის ჯიშების კლონების სწრაფად და უდანაკარგოდ გამრავლების საშუალებას იძლევა.
წარმოდგენილი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გამონთავისუფლდეს სანერგისათვის საჭირო რამდენიმე ასეული ჰექტარი მაღალნაყოფიერი მიწა, ერთი წლით დაჩქარდეს მსხმოიარობაში შესვლა, ამაღლდეს მცენარეთა პროდუქტიულობა, ეკონომიურად იქნეს გამოყენებული დეფიციტური საძირე და სანამყენე მასალა. ვაზის მწვანე ნამყენი ნერგის გამოსავლიანობა აღნიშნული ტექნოლოგიით აღწევს 85-90%, რაც 40%-ით აღემატება ტრადიციულს, ხოლო მუდმივ ადგილზე დარგული ნერგების გახარება 95%-ზე მეტია.

დამუშავებულია აგრეთვე წარმოშობის ადგილის დასახელების (კონტროლს დაქვემდებარებული) პროდუქცია _ ეს არის უმაღლესი ხარისხის თვისობრივად განსხვავებული ორიგინალური ნიშნის მატარებელი ღვინოები წარმოებული სპეციფიკური ტექნოლოგიით მკაცრად განსაზღვრული ეკოლოგიური რაიონიდან ან მიკრორაიონიდან მოცემული ზონისათვის დარაიონებული ჯიშის ვაზისაგან.


შემუშავდა და დაპატენტდა (ვ 1003, ბიულეტენი #13) სუფრის მშრალი წითელი ღვინო `მკურნალის" დამზადების ტექნოლოგია. “მკურნალის” სერტიფიცირებას ასახავს: ა) მაქსიმალურად გამოხატული ვაზის ჯიშური არომატი; ბ) ღვინის ასაკზე 3-4 თვით წინმსწრები სიძველის თაიგული; გ) მთრიმლავი, საღებავი, მინერალური – მთლიანობაში ექსტრაქტულ ნივთიერებათა ჭარბი შემცველობა (განსაკუთრებით საერთო ფენოლების 65-70%-ით გაზრდა). ზემოხსენებულ კომპონენტთა მაღალკონდიციურობა, როგორც ცნობილია, ამჟღავნებს რადიოპროტექტორულ, ანტისიმსიმნურ, გულსისღლძარღვთა სისტემის დაავადებათა და სხვ. სამკურნალო თვისებებს, რაც ამ მარკას კვებითთან ერთად თერაპიულ დატვირთვასაც ანიჭებს და დღის წესრიგში აყენებს შესაბამის სამედიცინო-კლინიკურ დაწესებულებებში მისი თვისებების ავტორიტეტულ შესწავლა-აპრობაციას.

შემუშავდა საფერავ-კაბერნეს მშრალ სუფრის ღვინოებზე კვებითი დანამატის დამზადების ტექნოლოგია და დაპატენტდა (ვ 965., ბიულეტენი #11).
სასარგებლო მოდელი “აპიენო” განეკუთნება კვების მრეწველობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, ანთებითი პროცესების, ბრონქიალური ასთმის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას.

მანავის ხაშმის, ყორუღის, კაკაბეთის და სხვა მიკროზონების კომპლექსური გამოკვლევის შედეგად გაფართოებულია სამარკო ღვინის `მანავის" და “ხაშმის საფერავის” წამოების სანედლეულო ბაზა. ახალ მიკროზონებში დაყენებული ღვინომასალები მსგავსად `ვერხვების" ვენახებიდან დაყენებული `მანავის" ღვინისა, ხასიათდებიან ღია ჩალისფერით, მომწვანო ელფერით, სასიამოვნო გემოთი, ჰარმონიით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით, ხოლო მსგავსად `ხაშმის საფერავისა" ხასიათდებიან: ინტენსიური შეფერვით, ჯიშური არომატით და გემოთი, ზომიერი სხეულით.

კომპლექსური გამოკვლევის შედეგად გაფართოებულია ბუნებრივად ცქრიალა ღვინო `ატენის" წარმოების სანედლეულო ბაზა (ატენის ხეობა – ატენი მზვარე, სიონი) ღვინომასალები ხასიათდება: ჩალისფერით, მომწვანო-მოყვითალო იერით, სასიამოვნო არომატით, ზომიერი სხეულით, ხალისიანი მჟავიანობით.
დამუშავებულია ვარდისფერი ლიქიორული ტიპის ღვინის "რაჭას" დამზადების ტექნოლოგია.
შემუშავდა საფერავ-კაბერნეს მშრალ სუფრის ღვინოებზე (მათი მოცულობითი წილი 60-70%-ია) ყვავილის მტვერის, ალოეს წვენისა და თაფლის თანაფარდობით კვებითი დანამატის დამზადების ტექნოლოგია და დაპატენტდა (ვ 965., ბიულეტენი #11).
შემუშავებულია ახალი სელექციური ჯიშის – მუსკატური რქაწითელასაგან არომატული ღვინის - `რქაწითელი მუსკატურის" მიღების ახალი ტექნოლოგია. ეს ღვინო გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ძლიერი, სასიამოვნო მუსკატური არომატით.
შემუშავდა, დაპატენტდა (საავტორო მოწმობა #7276884) და წარმოებაში დაინერგა (საქართველოსა და უკრაინაში, ყირიმში) ახალგაზრდა საკონიაკე სპირტებიდან მძიმე ლითონებისა და ლიპიდების გამოლექვის მეთოდი. საკონიაკე სპირტების დემეტალიზატორად გამოიყენება მცენარეთა ანასხლავიდან (ძირითადად ვაზის წალმიდან) მიღებული ნაცარი.
შემუშავებულია კონიაკის წარმოებაში ხანგრძლივად გამოყენებული მუხის ტკეჩის რეგენერაციის ტექნიკურ-ტექნოლოგიური ხერხი, რაც ხელს უწყობს კონიაკის სპირტის დავარგების პროცესში მუხის მერქნის კოეფიციენტის გაზრდას 80%-მდე საკონიაკე სპირტის ხარისხოვანი მაჩვენებლების შენარჩუნებით და ამაღლებით.
შესწავლილია საქართველოში გავრცელებული კენრკოვნების – ანწლის, მოცვის, მაყვლის, წითელი მოცხარის, ჟოლოს, ცირცელისა და ძახველის ფიზიკურ-ქიმიური და სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც ხასიათდებიან ექსტრაქტული არომატული და საღებავი ნივთიერებების მდიდარი და მრავალფეროვანი სპექტრით.  კენკროვნებიდან მიღებული მორსების გამოყენებით დამზადებულია სხვადასხვა ჯგუფის მაღალალკოჰოლიანი სასმელი – სადესერტო ლიქიორები და პუნშები.
შემუშავებულია დაბალალკოჰოლიანი დაგაზული სასმელის - `ფანტაზიის" დამზადების ტექნოლოგიური სქემა და ინსტრუქცია.


დამუშავებულია ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი შავი და მწვანე ბაიხის, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების ჩაის წარმოების ტექნოლოგიები:
ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგია მთლიანად ორიენტირებულია BOP, BOPF, Fანინგს-ის სახეობის შავი ჩაის წარმოებაზე;
მომზადებულია: შავი და მწვანე ჩაის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქცია"
დაზუსტდა დახარისხება-სეპარაციის პროცესის ტექნოლოგიური პარამეტრები; განსაკუთრებულად ნაზი სტრუქტურის ნედლეულიდან მაღალხარისხოვანი სპეციალური მწვანე ჩაის გამოსამუშავებლად დამზადდა მცირეგაბარიტიანი (50-70 კგ/სთ წარმადობის) მომხალავი და ფიქსირებული ფოთლის შემშრობი, ერთმაგი ქმედების საგრეხი და მოგრეხილი ფოთლის მაფორმირებელი და საშრობი დოლური ტიპის დანადგარები (სამუშაო შესრულებულია გამოგონების დონეზე);
დამუშავებულია კომბინირებული მეთოდით მუშაობის პროცესი მწვანე ჩაის მწარმოებელი სპეციალიზებული საწარმოებისათვის.
ათვისებულია ჩაის ექსტრაქტის ლუმინენსცენციის მაჩვენებლის მიხედვით ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის ექსპრესული კონტროლის ექსპერიმენტული ხელსაწყოს ესკიზური პროექტი. ტექნიკური გადაწყვეტა შესრულებულია გამოგონების დონეზე.
დამუშავებულია თხილის ადგილობრივი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშებით ინტენსიური ბაღების გაშენების ტექნოლოგია. შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიები თხილის სარგავი მასალის დაჩქარებული წარმოებისათვის:
დამუშავებულია თხილის მავნებლებისაგან დაცვის საკარანტინო, აგროტექნიკური და ქიმიური ღონისძიებები.
გურიის რეგიონში (ოზურგეთის რაიონის ფერმერული მეურნეობის ბაზაზე) 3 ჰექტარზე გაშენდა დარაიონებული უხვმოსავლიანი, მაღალი მარკეტინგული პოტენციალის მქონე ჯიშით ("ანაკლიური") და დამამტვერიანებელ ("ხაჭაპურა", "ცხენის ძუძუ") ჯიშებით;
შესწავლილია 12 სხვადასხვა ჯიშის გენერაციული თაობა 640 ძირის რაოდენობით, რომლებიც საცდელი ნაკვეთების გასაშენებლად არის გამოყენებული.


ბუნებრივი სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობის ზრდისა და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივების მიზნით დამუშავებულია ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ: საკვები ელემენტებით ნიადაგების განოყიერება; სარეველა მცენარეების მოსპობა ახალი თაობის ჰერბიციდებით; დასაბუთებულია საძოვრის არსებული ტიპის შეცვლის მაღალი ეფექტურობა სათიბის კატეგორიაში გადაყვანის გზით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ნაკვეთების უსისტემო ძოვებას.
კვლევების შედეგად შემუშავებულ იქნა, სათიბ-საძოვრების ზედაპირული და ძირეული გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების პრინციპულად ახალი, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად შეჯერებული ტექნოლოგია, რომლის გამოყენება 2-5-ჯერ ზრდის ბუნებრივი საკვები სავარგულების პროდუქტიულობას და წარმოებს ზედაპირული გაუმჯობესება, უზრუნველყოფს ჰექტარზე 2,5-3 ტონაზე მეტ საკვებ ერთეულისა და 3-5 ცენტნერზე მეტ მონელებად პროტეინის მიღებას, ხოლო ძირეული გაუმჯობესებისას 5-7 ტონაზე მეტ საკვებ ერთეულსა და 9-13 ცენტნერზე მეტ მონელებად პროტეინის მიღებას.
კოლხეთის დაბლობის ამოშრობილ ნიადაგებზე მყარი საკვები ბაზის შექმნის მიზნით ჩატარებული კვლევებით დადგენილი იქნა სასილოსე მასის (სიმინდი+სოიო) მიღების ეკოლოგიურად და ეკონომიკურად გამართლებული მინერალური სასუქების ნორმები, რომლის გამოყენებითაც მიიღება 70 ტონაზე მეტი სასილოსე მასის მოსავალი რაც შეიცავს 22.6 ტონა საკვებ ერთეულს და 1 ტონაზე მეტ მონელებად პროტეინს.


დამუშავებულია ბაქტერიული პრეპარატ "ბაქტერინის" წარმოება, რომლის ამოქმედება ხელს შეუწყობს ამერიკული თეთრი პეპელას, კოლორადოს ხოჭოს და სხვა საშიშ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდას. სააქციო საზოგადოება "საქაგრომრეწვის" ბაზაზე (სოფ. ტაბახმელა) დამზადდა ბაქტერიული პრეპარატის ექსპერიმენტული ნიმუში "ბაქტერინი".
პრეპარატ "ბაქტერინის" შექმნა შესაძლებელი გახდა "იუსაიდ"-ის საერთაშორისო პროგრამით საქართველოს მცენარეთა დაცვის სკი-ისა და ისრაელის იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგად.


დამუშავებულია რადიონუკლიდებით დაბინძურებული ნიადაგების გაჯანსაღების სანიტარულ-პროფილაქტიკური ტექნოლოგიები.
ეს მდგომარეობა აუცილებელს ხდის, რათა შემუშავდეს გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რომლის ჩარჩოებში უნდა ამოქმედდეს პრიორიტეტული დარგებისათვის გათვალისწინებული ოპტიმალური (შემარბილებელი) ბუნებათსარგებლობის კონცეპტუალური პროგრამები და წინადადებები.
ასეთი ღონისძიებების განხორციელება დიდ ეკოლოგიურ, და ამასთანავე დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს, რადგან ამას ემსახურება ის მეცნიერული დამუშავებები, რომლებიც შესრულებულია სადღეისოდ. მათგან აღსანიშნავია: მექანიკური მეთოდი, ფიზიკური მეთოდი, ქიმიური მეთოდი, ბიოლოგიური მეთოდი;
რადიოსელექციის მეთოდით ადგილობრივი და ინტროდუცირებული ლობიოს ჯიშების ბაზაზე შექმნილია ლობიოს ახალი ჯიში "ზაჰესურა _ 2002";
დამუშავებულია რადიოპროტექტორული თვისებების მქონე მცენარეული ექსტრაქტები: `ტყის ნობათი", "ჯვარი", რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ცოცხალ ორგანიზმებზე მაიონიზირებელი გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ხელს შეუწყობს მათგან რადიონუკლიდების გამოყოფას.
`ტყის ნობათის" თვისებების კლინიკური გამოკვლევები შესრულებულია ონკოლოგიურ ცენტრში და მიღებულია დადებითი დასკვნა. პრეპარატი დაპატენტებულია და რეკომენდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. გამოიყენება როგორც პრევინციული, ისე სამკურნალო საშუალება.
პრეპარატ "ჯვარის" თვისებები გამოკვლეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში და მიღებულია დადებითი დასკვნა პრეპარატის კვებითი დანამატის სახით გამოყენებაზე.


ქართული ფუტკრის ძირითადი სამეურნეო და ბიოლოგიური ნიშანთვისებების შესწავლის საფუძველზე შექმნილია ქართული ფუტკრის გურული პოპულაციის ახალი მაღალპროდუქტიული ხაზი `გ-6 სურები"; მეგრული პოპულაციის მაღალპროდუქტიული ხაზი `მ-23 სქური". დამუშავებულია ქართლული და იმერული პოპულაციების ფუტკრის გამრავლება-გაგვრცელების ტექნოლოგიები.
დამუშავებულია ფუტკრის საშიში დაავადებების (ვაროატოზი, ასკოსფეროზი) საწინააღმდეგო პრეპარატები; შექმნილია ფუტკრის პროდუქტებიდან სასურსათო მასტიმულირებელი სუფთა პრეპარატები.
აღნიშნულთან ერთად მიმდინარეობს კომპლექსური მუშაობა `გ-6 სურები"-ს და `მ-23 სქურის" პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად და ამაღლებისათვის.


დამუშავებულია ნატურალური სამკურნალო-პროფილაქტიკური პროდუქტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა ბალანსირებულ კვების პროდუქტებზე წაყენებულ მოთხოვნებს.
რეკომენდებული კონსერვის დასამზადებლად სასარგებლო ნედლეულად გამოყენებული იქნა სამკურნალო მცენარე ჭინჭარი, ხოლო მეორე ძირითად კომპონენტად – ვაშლი, რომელთა ბიოქიმიური მაჩვენებლების წინასწარი შესწავლის საფუძველზე დამუშავდა ბიოაქტიური ექსტრაქტის ტექნოლოგია და შემუშავდა კუპაჟირების გზით ურთიერთგამამდიდრებელი ასორტიმენტი.
ჭინჭრის ბიოაქტიური ექსტრაქტი შეიძლება გამოვიყენოთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მიზანდასახული რეგულირებისათვის, სხვადასხვა დაავადების დროს. მისი კუპაჟირება ვაშლის ხილფაფასთან ურთიერთგამამდიდრებელი კუპაჟის მიღებას უზრუნველყოფს, რითაც მიღებულია საკონსერვო პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების (პექტინი, კაროტინი, ცილები, სახამებელი და სხვ.) მაღალი შემცველობით, კარგი გემოთი და არომატით.
ჭინჭრის ექტრაქტს და კუპაჟირებულ კონსერვს ჩაუტარდა შემოწმება ტოქსიკურობაზე. კლინიკური შესწავლით დადგინდა, რომ რეკომენდებული ნიმუშები ვარგისია ანემიით დაავადებული ბავშვებისათვის.
დამუშავებულია პექტინის წარმოების ორიგინალური ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობასა და მედიცინაში
ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოში არსებული ნედლეულის რესურსები შეიძლება გამოყენებული იქნას პექტინის ფართომასშტაბიანი წარმოებისათვის. კერძოდ, საქართველოში დღეისათვის არსებული ვაშლის, ტყემლისა და მანდარინის გამოყენებით.
აღნიშნული ნედლეულის რესურსების გამოყენებით შეიძლება ვაწარმოოთ 3,0 ათასი ტონა ნატურალური პექტინი, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ დოლარია.


დამუშავებულია სტევიადან ტკბილი გლუკოზიდების ჯამური პრეპარატების მიღების ტექნოლოგია, რომლის ბაზაზე იწარმოება სინთეტიკური და ნატურალური პროდუქტი.
მიღებული პროდუქტი (ტკბილი გლუკოზიდების ჯამური პრეპარატი) პატენტუნარიანი და კონკურენტუნარიანია საგარეო ბაზარზე.
შექმნილია და ათვისებულია ბიოლოგიურად სუფთა, ანტიდიაბეტური სამკურნალო მაღალი საგემოვნო და სამომხმარებლო თვისებების მატარებელი ჩაისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების მიღების სპეციალური დანიშნულების ტექნოლოგიები. ყველა პროდუქციაში შაქრის ნაცვლად გამოიყენება ორფოთოლა ტკბილ სტევიისაგან მიღებული შაქრის დაბალკალორიულობის შემცველი პროდუქტები, ფხვნილისა და ექსტრაქტის სახით.


შექმნილია ჩაის მოვლა-მოყვანისა და კრეფის ახალი თაობის მცირეგაბარიტიანი ტექნიკური საშუალებები. თითოეული კომპლექტი შედგება 12-14 ც.ძ. სიმძლავრის თვითმავალი შასისაგან, ჩაის ბუჩქის შპალერული სასხლავისაგან, კულტივატორ-მკვებავისაგან, ჩაის ფოთლის საკრეფისაგან და სატვირთო ბაქნისაგან, რომლებიც დამუშავებულია მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და სს "საქაგრომანქანაში".
ჩაის ახალი თაობის ტექნიკის წარმოებისათვის შემოთავაზებულია ერთობლივი საწარმოს ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი, ახალი თაობის მცირეგაბარიტიანი ჩაის ტექნიკის წარმოებას უცხოური ფირმების დახმარებით და ინვესტირებით, საქართველოში არსებული საწარმოო ბაზის, იაფი მუშახელის, მაღალი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის და მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და სს "საქაგრომანქანა"-ში ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე.
პროდუქციის წარმოება მიზნად ისახავს როგორც შიდა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ასევე დაინტერესებულ მწარმოებელ ქვეყნებში მათ ექსპორტს.
დამუშავებულია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის აგროსასურსათო სექტორისათვის ახალი ტექნიკური საშუალებების შექმნას და მის სერვისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მობილური მცირეგაბარიტიანი ენერგეტიკული საშუალებებისა და მათზე საკიდი და მისაბმელი მანქანათა კომპლექსის დამუშავება და წარმოება გლეხური (ფერმერული) მეურნეობებისათვის, რაც საშუალებს მოგვცემს 8 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მქონე, აგრეთვე მცირე და საშუალო კონტურიან ნაკვეთებში ვაწარმოოთ შრომატევადი სამუშაოების მექანიზაცია, მეტად აქტუალურია.
აღნიშნული მიზნით დამუშავდა მცირეგაბარიტიანი ენერგეტიკული საშუალებები და მათზე საკიდი და მისაბმელი, აუცილებელი პირველი რიგის მანქანათა კომპლექსი (სატვირთო ურიკა, გუთანი, ფარცხი, ფრეზი, კულტივატორი, სასუქის შემტანი, შემასხურებელი, საბრუნელა, ადაპტური როტაციული სათიბელა, ფრეზერული კულტივატორ-გამომკვები და სხვ).
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კლასისა და შედგენილობის მცირეგაბარიტიან ტექნიკაზე დიდი მოთხოვნილებაა სხვა მცირემიწიან ქვეყნებშიც. იგი შეიძლება ექსპორტირების საგანი გახდეს ამიერკავკასიაში, დსთ-ს ქვეყნებში და სხვ.


დამუშავებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველის ბიცობი ნიადაგების გაუმჯობესების ახალი ტექნოლოგიები. ასეთ ღონისძიებათა კომპლექსი ითვალისწინებს ქიმიურ მელიორაციას მოთაბაშირებითა და ორგანული და მინერალური სასუქების მაღალი დოზებით სისტემატურ შეტანას, ხოლო ფიზიკური და წყალმართვი თვისებების გაუმჯობესების მიზნით სახნავი ფენის ქვეშ მდებარე გაძეკილი, ბიცობიანი ფენების სისტემატურ დამუშავებას მელიორაციული ხვნისა და ღრმა გაფხვიერების საშუალებით.
ველის ბიცობი ნიადაგების მელიორაციის ფიზიკურ და ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოლოგიური ღონისძიებების გამოყენებას. მრავალწლიანი ბალახების თესვა და ერთწლიანი პარკოსნების ჩახვნით, ამავე დროს მინერალური სასუქების მაღალი დოზების (N90P180) გამოყენებით ნიადაგი მდიდრდება საკვები ელემენტებით. მელიორაციულ თესლბრუნვაში მრავალწლიანი ბალახების თესვა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. იგი, თავისი ფესვთა სისტემით აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ხელს უწყობს წყალგამტარობას და მარილგაცემას.
ჩატარებული კვლევებით დადგენილია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ორგანული და მინერალური სასუქების ისეთი ოპტიმალური შეფარდებები და რაციონალური დოზები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას, მოსავლიანობის მატებას და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას. მაღალეფექტურია ტექნოლოგიები, რომლებიც დამუშავებულია ნიადაგების ჩამორეცხილობისა და მათი ტიპების მიხედვით, სადაც ისაზღვრება მცენარეთა ფესვების აქტიურ ფენებში (0-30; 0-50) ჰუმუსის მარაგი.
შედგენილია თეთრიწყაროს რაიონის ეროზირების რუქა 1:100000 მასშტაბით, სადაც ჩამორეცხილობის მიხედვით მოცემულია ეროზირებული ნიადაგების გავრცელების არეალი და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com