საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნა

 

000000000000000000000000000000000000000000000000002020 წლის 24 ნოემბერს მძიმე და ვერაგი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ღირსეული მამულიშვილი, ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი - გიორგი ნიკოლეიშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. გ. ნიკოლეიშვილი ეკუთვნოდა იმ გამოჩენილ მეცნიერ-მოღვაწეთა წარმომადგენლებს, რომლებმაც თვალ­საჩინო წვლილი შეიტანეს მეაბრეშუმეობის დარგის მეცნიერულ განვითარებში. იგი იყო მეაბრეშუმეობის დარგის ეკონომიკის პრობლემების ცნობილი მკვლევარი არამარტო საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებ გარეთაც.

პროფ. გ. ნიკოლეიშვილს გამოქვეყნებული ჰქონდა 190 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 19 მონოგრაფია (მათ შორის ბოლო წლებში ოთხი მონოგრაფია საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების შესახებ), სამი სახელმძღვანელო, ერთი დამხმარე სახელმძღვანელო, რამდენიმე სალექციო კურსი, მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია, მრავალი რეკომენდაცია, ინსტრუქცია, მეთოდური მითითება, სასწავლო პროგრამა, ასზე მეტი საგაზეთო სამეცნიერო-პოპულარული სტატია. გ. ნიკოლეიშვილი იყო თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭისადმი” შედა­რებით გამძლე დარაიონებული თუთის სამი ჯიშის (ოშიმა, ქუთაისური და ქუ­თაისური-2) თანაავტორი.

პროფ. გ.ნიკოლეიშვილმა მეაბრეშუმეობის საერთაშორისო სიმპოზიუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობით კიდევ უფრო ნათლად წარმოადგინა ქართული აბრეშუმის ღირსება და განვითარების პერსპექტივები. მან 2005 წელს მონაწილეობა მიიღო შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის FAO-ს რეგიონალური ორგანიზაციის სიმპოზიუმების საქმიანობაში და საქართველოს სახელით ხელი მოაწერა დამფუძნებელ დოკუმენტებს. 2005 წლიდან 2013 წლამდე იყო მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაცია BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში და გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია მათთან კავშირი.

განსაკუთრებით ფასეულია მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული “საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლების პერიოდისათვის” და მეაბრეშუმეობის საინვესტიციო პროგრამები ხონისა და ვანის რაიონებისათვის, მითითებული პროგრამების საფუძველზე მუშავდება (რაშიც პროფ. გ. ნიკოლეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა) ქვეყანაში დარგის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველია უკანასკნელ პერიოდში.

ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესორი გ. ნიკო­ლეიშვილი დაჯილდოვებული იყო “ღირსების” ორდენით, მედლებით და საპატიო სიგელებით. 2016 წელს გ. ნიკოლეიშვილის მიერ მეაბრეშუმეობის საკითხებზე მომზადებულ ორ მონოგრაფიას მიენიჭა აკადემიის პრემია საუკეთესო ფუნდამენტური ნაშრომებისათვის.

            ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს აგრარული მეცნიერებისათვის, განსაკუთრებით იგი ძალიან დააკლდება საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და დანერგვას, მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com