საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ფერმერის დღე - 2022

316168088 847449050034278 7619449889159129928 n 1  მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ფერმერის დღის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა წლის ფერმერის დაჯილდოების საღამო. საღამოს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები, ბატონები: გიორგი ხანიშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, ფერმერები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.316420795 1438346093239329 8131778623416842378 n

საღამო გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ზამბახიძემ. შემდეგ მან სიტყვა გადასცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარ შამუგიას. ბატონმა ოთარმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ფერმერის დღე და აღნიშნა, რომ ფერმერები თავიანთი დაუღალავი შრომით ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით. ერთობლივი ძალისხმევით, სოფლის მეურნეობაში, ყოველწლიურად იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ექსპორტი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას.

ფერმერის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ზამბახიძე. მათ ისაუბრეს ფერმერთა საქმიანობაზე, მათ წვლილზე ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე გარკვეულ პრობლემებზე და საკუთარ ხედვებზე მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

მილოცვებისა და მისასალმებელ სიტყვების შემდეგ გაიმართა წლის საუკეთესო ფერმერთა დაჯილდოება. წარმოდგენილი იყო 12 ნომინაცია (წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი).თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან (ჯამში 12 ნომინაციაზე 36 ფერმერი) გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საღამოს დასასრულს გაიმართა ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია.

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com