საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მილოცვა

                                              აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე

-         90    -

    92111f2d 60e3 42e7 bd0e 29375d0baaad 2025 წლის 15 მაისს დაბადებიდან 90 და სამეცნიერო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი   შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრს ნაპოლეონ ქარქაშაძეს.

     ბატონი ნაპოლეონი დაიბადა 1935 წელს 15 მაისს ქ. თბილისში პედაგოგების ოჯახში. 1943 წელს შეაღო თბილისის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლის კარები და 1951 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა  საქართველოში იმ დროისათვის ერთ-ერთ ცნობილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1959 წელს წარჩინებით დაამთავრა. იგი სიყვარულით იხსენებს როგორც სკოლას, ისე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს „გამიმართლაო“ ამბობს, მართლაც იმ ხანად „სასოფლოში“ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები ასწავლიდნენ, მათგან ახალგაზრდა თაობა არა მარტო პროფესიის, არამედ ქვეყნისა და ერის მსახურებასაც სწავლობდა. ბატონი ნაპოლეონი შემდგომ ხშირად ახსენებს თავის აღმზრდელებს, თავის მრავალრიცხოვან სამეცნიერო შრომებსა თუ სხვა სახის პუბლიკაციებში.

     1961 წელს, საქართველოსათვის გამოყოფილი ლიმიტით , იგი სასწავლებლად გაემგზავრა მოსკოვის ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ, იქვე გაიარა აპრობაცია და შემდეგ საქართველოში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

     თვითონ ბატონი ნაპოლეონი თავის ცხოვრებაში გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევს 1956 წელს, როდესაც ქ. ლაიფციგში ჩატარდა მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების სტუდენტების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მან მოხსენება გააკეთა თემაზე: „საქართველო, კულტურული მიწათმოქმედების უძველესი ქვეყანა“. დიპლომი, რომელიც იქ მივიღე, განსაზღვრა ჩემი ცხოვრების მიმართულებაო“-იგონებს იგი.

     ბატონი ნაპოლეონი ოთხი წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საინსტიტუტო კათედრა გახდა. 1975 წელს იგი დაინიშნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორად, ახალგაზრდა კაცისათვის ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა. ბატონმა ნაპოლეონმა 16 წელი გაატარა აფხაზეთში. მისი რექტორობის დროს აშენდა სასტუმროს ტიპის ოთხი საერთო საცხოვრებელი, ინსტიტუტის მეურნეობა-„ეშერაში“, ზღვის ნაპირზე სტუდენტური დასასვენებელი კომპლექსი, ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა, რომელსაც ქონდა თანამედროვე საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, კვლევითი ლაბორატორიები. მოხდა ინსტიტუტის კაბინეტ-ლაბორატორიების მთლიანი გადაიარაღება, გაიხსნა რამდენიმე პრობლემური ლაბორატორია, ფუნქციონირება დაიწყო სადისერტაციო საბჭოებმა. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი გახდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრი.

     რთული პერიოდი იყო მაშინ აფხაზეთში, რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატისტები ანტიქართულ მოთხოვნებს აყენებდნენ, ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ამ პერიოდში ნაპოლეონ ქარქაშაძე სათავეში ჩაუდგა ქართული საზოგადოების ბრძოლას, ერთიანი ქართული სივრცის შესანარჩუნებლად. მისმა დიდმა ავტორიტეტმა, ბევრი აფხაზი შემოაბრუნა ქართულ პოზიციაზე.

     ბატონმა ნაპოლეონმა 1982 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მისი კვლევის საგანი იყო სსრ კავშირის ჩაის მეურნეობა და მისი განვითარების პერსპექტივები, რომელშიც საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის პერსპექტივები. მისი სადისერტაციო შრომის ძირითადი დებულებები მოისმინა სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, რომლის წევრ-კორესპონდენტადაც 1990 წლის სექტემბერში დაუსწრებლად აირჩიეს, 1995 წელს იგი აირჩიეს რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 1996 წელს გადაიყვანეს ამავე აკადემიის უცხოელ წევრად.

     1990 წლის ივლისში, ნაპოლეონ ქარქაშაძე საკონკურსო წესით აირჩიეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად; ამ თანამდებობაზე მან 14 წელი იმუშავა, ეს იყო საქართველოს ისტორიის უმძიმესი პერიოდი, ცხადია უჭირდა აგრარულ უნივერსიტეტსაც, რომელმაც სახელწოდება 1991 წელს შეიცვალა მისი ინიციატივით. მიუხედავად პრობლემებისა, ბატონმა ნაპოლეონმა შეინარჩუნა ინსტიტუტის კადრები, გახსნა ახალი სპეციალობები, დამყარდა კონტაქტები ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან, აგრარული უნივერსიტეტი მიიღეს რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციაში, უნივერსიტეტის ბაზაზე ტარდებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები, ბატონი ნაპოლეონი არჩეული იქნა საერთაშორისო ორგანიზაცია “იკარდას“ თანათავმჯდომარედ, უმაღლესი სკოლების მსოფლიო ასოციაციის (ქ. სან-ფრანცისკო) ევროპის სექციის პრეზიდიუმის წევრად, საზღვარგარეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად, პროფესორად, სან-ფრანცისკოსა და უმაღლესი სკოლების საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრად და ა.შ.

     1990 წელს საქართველოში აღდგა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემია, რომლის პირველ შემადგენლობაში იგი არჩეული იქნა აკადემიისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 2004 წელს ამავე აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

     ფართოა აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის სამეცნიერო კვლევის არეალი, იგი 316 სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა 10 მონოგრაფია და 7 სახელმძღვანელო. აქვს ერთი გამოგონება. მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება - მსოფლიო სოფლის მეურნეობაა, ამ პრობლემას მან ორი მონოგრაფია მიუძღვნა. მას გაზრდილი ყავს ასპირანტებისა და დოქტორანტების მთელი პლეადა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.

     ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძე დაჯილდოვებულია „საპატიო ნიშნის“ და „ღირსების“ ორდენებით, ხოლო 1984 წელს იგი გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

     აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებისა და ქართული ენციკლოპედიის სოფლის მეურნეობის სექციის წევრი და ა. შ. მისი ინიციატივით 1992 წელს დაარსდა საქართველოს უმაღლესი სკოლების რექტორთა საბჭო, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად იყო.

     აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე, დღესაც ღებულობს მონაწილეობას აკადემიის სამეცნიერო საქმიანობაში, ბრძანდება აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის კონსულტანტი (აგრარული პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან და აგრარულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობები) და პოპულარული სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.

     ცალკე განხილვის თემაა ნაპოლეონ ქარქაშაძის პუბლიცისტიკა და მწერლობა. მის კალამს ეკუთვნის არა ერთი პუბლიცისტური ხასიათის მწვავე სტატიები, იგი ავტორია სამი პოლიტიკური რომანის - „სტალინი“, „ხრუშჩოვი“, „ბრეჟნევი“, ამათგან „სტალინი“ რამდენიმეჯერ გამოიცა მოსკოვში. 2013 წელს მკითხველმა მიიღო მისი სათავგადასავლო რომანი „აკადემიკოსი გისოსებს მიღმა’, რომელმაც მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

         ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძე გახლავთ შესანიშნავი მამა და ბაბუა.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა გულითადად ულოცავენ ბატონ ნაპოლეონს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებენ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და დიდ შემოქმედებით წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, როგორც სამეცნიერო, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com