საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია - 80
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაბადების 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ნუგზარ ბაღათურიას.
ნუგზარ ბაღათურია დაიბადა აფხაზეთში, ქ. გუდაუთაში 1945 წლის 22 აგვისტოს მოსამსახურის ოჯახში. დედა - მორჩილაძე ქეთევანი გახლდათ ბავშვთა ექიმი, მამა - სამმართველოს უფროსი. 12 წლის იყო ბატონი ნუგზარი, როდესაც მამა გარდაეცვალა და მისი აღზრდა - განათლება ბებიამ და დედამ ითავეს.
1963 წელს დაამთავრა ქ. გუდაუთის პირველი (ქართული) საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ქ. სოხუმში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1964-1967 წლებში გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, რომლის დასრულების შემდეგ, დაუბრუნდა მშობლიურ ინსტიტუტს. 1971 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ზემოაღნიშნული ინსტიტუტი. სახელმწიფო კომისიის თავჯდომარემ, იმ დროს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ანდრო ნიჟარაძემ სადიპლომო ნაშრომის დაცვისას მოიწონა ბატონი ნუგზარის მოხსენება და თავისთან მიიწვია ინსტიტუტში სამუშაოდ. ბატონმა ანდრომ დიდი როლი შეასრულა ნუგზარ ბაღათურიას მეცნიერად ჩამოყალიბების საქმეში.
კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო საქმიანობისას ბატონ ნუგზარს დაკავებული ჰქონდა განყოფილების გამგის, ინსტიტუტის დირექტორის, მოგვიანებით ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობები. 2011 წლიდან იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
1991 წელს ბატონი ნუგზარი არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად, ხოლო 1992 წლიდან ამ აკადემიის ნამდვილი წევრია. აკადემიის აღდგენის წლიდან დაკავებული ჰქონდა აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის თანამდებობა.
საქართველოს აგრარულ სფეროში ადრე არსებული 14 ინსტიტუტიდან მეცნიერებაში ჩატარებულ უხეირო რეფორმებს გადაურჩა მხოლოდ ერთი - საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დღესაც ემსახურება კვების მრეწველობის დარგების მეცნიერული უზრუნველყოფის საქმეს. ეს ბატონი ნ. ბაღათურიას და მისი კოლექტივის დამსახურებაა.
სხვადასხვა წლებში მისი სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი სფეროები იყო ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ნატურალური საკვები დანამატების (ეთეროვანი ზეთები, არომატიზატორები) ქიმია, ტექნოლოგია და ექსპერტიზა. აღნიშნულ სფეროებში გამოქვეყნებული აქვს 430-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ამათგან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 41 მონოგრაფია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არის 40-ზე მეტი გამოგონებისა და პატენტის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ქ. კრასნოდარში 1979 წელს, სადოქტორო - 1989 წელს ქ. ლენინგრადში. სადოქტორო დისერტაცია სსრ კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო დისერტაციად, კვების მრეწველობაში სამრეწველო მასშტაბით დანერგილი სიახლეების დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობის გამო.
მეცნიერებაში შეტანილი წვლილიდან შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
- პირველად იქნა გამოკვლეული მცენარეული ნედლეულიდან ეთეროვანი ზეთების გამოხდის პროცესის მექანიზმი. თეორიული გამოკვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ეთეროვანი ზეთების წარმოების პრინციპულად ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს;
- პირველად იქნა გამოკვლეული ქართული ტიპის ღვინოების - კახურის, იმერულის - წარმოების მეცნიერული საფუძვლები. გამოკვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ყურძნის სამრეწველო გადამუშავების ახალ, ინოვაციურ კომპლექსურ ტექნოლოგიებს;
- პირველად იქნა გამოკვლეული ყურძნის ქართული არყის - ჭაჭის წარმოების მეცნიერული საფუძვლები. გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემოთავაზებულია ქართული ბრენდის - ჭაჭის არყის წარმოების პრინციპულად ახალი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი ჭაჭა. იგი ხარისხით აღემატება ფრანგულ კონიაკს. ახალი ტექნოლოგია შეტანილია საქართველოს კანონში „ვაზისა და ღვინის შესახებ“. ტექნოლოგიის ფართომასშტაბიანი დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
- ასევე გამოკვლეული და დანერგილი იქნა ღვინის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ხილ-კენკროვანთა წვენების ნატურალობის დადგენის ფიზიკურ-ქიმიური კრიტერიუმები, რომლებიც დაინერგა სახელწიფო სტანდარტების სახით და გამოიყენება ექსპერტიზის პრაქტიკაში.
ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და წარმოებაში დანერგვისათვის აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პირველი პრემია (1982), ვერცხლის მედალი სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (1985), ორჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს ღირსების ორდენით 1999, 2013 წწ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით (2022).
ბატონმა ნუგზარმა და მისმა მეუღლემ ნუნუ გაჩეჩილაძემ ქვეყანას გაუზარდეს სამი ვაჟიშვილი. ამათგან უფროსმა - შოთიკო ბაღათურიამ დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და ამჟამად მოღვაწეობს ნიუ-იორკში, შუათანა ვაჟიშვილმა - გენადი ბაღათურიამ დაამთავრა გრენობლის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ამჟამად გახლავთ ეკონომიკის დოქტორი და მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში, საქართველოში ახალი, პერსპექტიული მცენარეების ინტროდუქციის მიმართულებით, იმავდროულად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მას გვერდში უდგანან მეუღლე - ნინო კოპალიანი და შვილი - ნიკო ბაღათურია.
თავისი ცხოვრების მანძილზე ბატონ ნუგზარს არაერთი მძიმე დღის გადატანა მოუწია. დედა - ქეთევან ბაღათურია სეპარატისტებმა მოუკლეს ქ. გუდაუთაში, დაეღუპა უმცროსი ვაჟიშვილი ბექა ბაღათურია, ნაადრევად გარდაეცვალა მეუღლე. მიუხედავად ამისა მან გამოძებნა საკუთარ თავში ძალები და დღესაც წარმატებით უძღვება სამეცნიერო საქმიანობას კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე.
ბატონი ნუგზარი გახლავთ შესანიშნავი მამა და ბაბუა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ნუგზარს საიუბილეო თარიღებს. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მრავალ წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.