საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი ლევან ლაზიშვილი -100
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, დამსახურებულ ინჟინერსა და გამომგონებელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ლევან ლაზიშვილს მიმდინარე წლის 27 თებერვალს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.
ბატონი ლევან ლაზიშვილი დაიბადა 1926 წელს ქ. ქობულეთში. იქვე 1943 წელს დაამთავრა სკოლა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლედ ყოფნისას იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ბატონი ლევანი სხვა კურსდამთავრებულ ვაჟებთან ერთად საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევას ელოდა, პარტიის რაიონულმა კომიტეტმა იგი სასწავლებლად საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გაგზავნა, რომელიც 1948 წელს დაამთავრა სპეციალობით ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გადამუშავება და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.
1948 წელს ლევან ლაზიშვილი განაწილებით მუშაობას იწყებს ხუცუბნის (ქობულეთის რაიონი) ჩაის ფაბრიკაში ცვლის ტექნოლოგად. ფაბრიკაში ორი წლის მუშაობის შემდეგ, 1950 წელს კონკურსის წესით ირიცხება საქართველოს სასოფლო-სამერნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში (თბილისში), სადაც სწავლების კურსს გადის ჩაის ტექნოლოგიის მიმართულებით სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის კათედრაზე.
ასპირანტურაში სწავლისას ბატონმა ლევან ლაზიშვილმა დაამუშავა ნაშრომი ,,ლაოჩას ტექნოლოგია“, რომელიც საჯაროდ დაიცვა 1953 წელს და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ოზურგეთი, ანასეული) უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, სადაც 1962 წლამდე დაჰყო.
1962 წელს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ანდრო ნიჟარაძის წარდგენით, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭომ გადაყვანის წესით დანიშნა ამავე ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორის თანამდებობაზე.
1974 წელს საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის წარდგინებით იგი გადაყვანილი იქნა ბათუმის ახლადშექმნილ ჩაის ფაბრიკების სარაიონოთშორისო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, 1975 წლის ბოლოს კი მუშაობა განაგრძო იმავე თანამდებობაზე ქობულეთის სარაიონო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც 1981 წლამდე დაჰყო.
1977 წელს ლევან ლაზიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჩაის მცენარის უხეში ყლორტების გამოკვლევა და მათი რაციონალური გამოყენებისა და ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაციის გზები“ და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1981 წლიდან იგი კვლავ უბრუნდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მუშაობას იწყებს ბათუმის აგრარული ბიოტექნლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტში (ყოფილი ბათუმის სუბტროპიკული ნედლეულის შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტულ საკონსტრუქტორო ინსტიტუტში) დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ამავდროულად ეწევა პედაგოგიურ მუშაობასაც.
1995 წლის 7 სექტემბერს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლევან ლაზიშვილი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით ჩაის, თამბაქოსა და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგია.
სამსახურეობრივი მივლინებით ლ. ლაზიშვილი არაერთგზის იმყოფებოდა ვიეტნამში, კუბის რესპუბლიკაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში.
მანშეისწავლა ჩაის უხეში ფოთლის ქიმიური თვისებები და მისგან ლაო-ჩაის დამზადების ტექნოლოგია; შეიმუშავა სრულიად ახალი კომპლექსური ტექნოლოგია როგორც მწვანე, ისე შავი ჩაისათვის, ასევე დაბრიკეტების ახალი ხერხი, რომელიც დაპატენტებული იქნა; მწვანე ჩაის წარმოებაში ენერგო დამზოგი მეთოდის შესამუშავებლად ლ. ლაზიშვილის მონაწილეობით შეიქმნა ჩაის ფოთლის თერმული დამუშავების მანქანათა სისტემა (ავტორთა ჯგუფზე გაიცა 5 საავტორო მოწმობა და პატენტი); დაამუშავა ჩაის თხევადი კონცენტრატის მიღების ტექნოლოგია, რომელმაც შემდეგ ფართო პრაქტიკული გამოყენება მოიპოვა. თანაავტორებთან ერთად დაამუშავა ციტრუსოვანთა წვენების წარმოების ნარჩენებისგან ვიტამინ P-ს პრეპარატის მიღების ტექნოლოგია, რომლის საფუძველზე აღნიშნული პრეპარატის საწარმოებლად შეიქმნა სპეციალიზებული საამქრო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში.
პროფესორ ლ. ლაზიშვილის მიერ მომზადებული იყო სამამულო მეჩაიეობის რეაბილიტაციის კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებდა დარგის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სფეროს, აგროტექნიკისა და ტექნოლოგიის სრულყოფას. მას მიაჩნდა, რომ ქართული შავი ჩაი საერთაშორისო ბაზარზე, კონკურენციას ვერ გაუწევდა ტროპიკული ქვეყნების: შრი-ლანკას (ცეილონის), ინდოეთის, ინდონეზიის, კენიის და სხვათა ჩაის, რომლებიც ძირითადად შავი ჩაის ექსპორტიორები არიან, ხოლო ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის დუყები, რომლებიც საუკეთესო ნედლეულია მწვანე ჩაისთვის კი - პირიქით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ლაზიშვილი 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 37 პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი იყო.
მისი ხელმძღვანელობით 10-ზე მეტმა მაძიებელმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
იგი დაჯილდოებულია იყო ღირსების ორდენით, მედლებით, საქართველოსა და აჭარის უზენაესი საბჭოების საპატიო სიგელებით, გამომგონებლის ნიშნით, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალით და სხვა.
ლევან ლაზიშვილი გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, 2008 წელს. დაკრძალულია ქობულეთში, ფიჭვნარის სასაფლაოზე.
