საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
2026 წლის 26 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო თემა: „ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღ-პარკის ტერიტორიის უსაფრთხოება წყალდიდობებისაგან“ - მომხსენებელი: გივი გავარდაშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი რ. მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე.
კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა, შემდეგ მან სიტყვა გადაცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გივი გავარდაშვილს, რომელმაც პრეზენტაციაში წარმოდგინა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახლ - მუზეუმისა და იქ განთავსებული ბაღ-პარკის ტერიტორიის წყალდიდობებისაგან დაცვის საინჟინრო-ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღებული შედეგები.
პრეზენტაციაში განხილული და შეფასებული იყო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის მეტეო-კლიმატური პირობები, ასევე, ჩატარებული ლაბორატორიულ-სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შეფასებული ნიადაგ-გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები.
სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე განხორციელებულია საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ასევე ზედაპირული წყლებისა და გრუნტის წყლების კომპლექსური ლაბორატორიულ-სამეცნიერო კვლევები.
მუზეუმის ტერიტორიაზე წყლით დატბორილი სიღრმებიის გაანგარიშებისათვის დადგენილია ზედაპირული წყლის ნაკადების ძირითადი ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური პარამეტრები წვიმის მაქსიმალური ინტენსივობის მხედველობაში მიღებით.
ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღ-პარკის ტერიტორიის უსაფრთხოების მიზნით ზედაპირული წყლების რეგულირებისათვის დაპროექტებულია წყალარინების სისტემა, ხოლო გრუნტის წყლების მოცილებისათვის კი - სადრენაჟო სისტემა, რაც ობიექტის წყალდიდობებისაგან დაცვის საშუალებას იძლევა.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.
სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა.
