„საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის
არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება“
2026 წლის 4-5 მარტს, თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება.“
სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: შესაძლებლობების გაძლიერება: გლობალურ საუკეთესო პრაქტიკასა და რეგიონულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ტყის არამერქნული პროდუქტების ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება;
სტრატეგიული დაგეგმვა: საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების პრიორიტეტული ღირებულებათა ჯაჭვებისთვის ერთობლივი საგზაო რუკის შემუშავება და სამომავლო პოტენციური პროექტების ზოგადი მონახაზის იდენტიფიცირების გზით ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ეროვნული სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO), აკადემიური წრეებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები; აგრეთვე, ტექნიკური ექსპერტები, მწარმოებლები და ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი, ლაშა დოლიძე.
ტყის არამერქნული პროდუქტები მოიცავს ტყიდან მიღებულ ყველა იმ რესურსს, რომლის შემადგენლობაში არ არის მერქანი. ასეთ რესურსებს მიეკუთვნება სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები და სხვა. ეს პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ:
- ტყეზე დამოკიდებული თემებისთვის შემოსავლის დივერსიფიკაციაში
- ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებაში
- ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში.
ტყის არამერქნული პროდუქტები ტყის ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობასთან.
ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის პოტენციალის სრული ათვისებისთვის მნიშვნელოვანია:
- ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: მწარმოებლების დაკავშირება მაღალი ღირებულების მქონე ბაზართან და მომხმარებლებთან.
- პროდუქტის ხარისხისა და ღირებულების გაზრდა: ტყეზე დამოკიდებულ თემებში შესაძლებლობების გაძლიერება და ინვესტიციების ხელშეწყობა.
- პროდუქტის სერტიფიცირება და მიკვლევადობა: სერტიფიცირების სქემების გამოყენებით მდგრადობის სტანდარტების დანერგვა, პროდუქტის მიმართ სანდოობის ამაღლება და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება.
- პროდუქტის გაზრდილი მედეგობა: პროდუქციისა და ბაზრის დივერსიფიკაცია პოტენციური რისკების შესამცირებლად.
- ინტეგრირებული გრძელვადიანი დაგეგმვა: ტყის არამერქნული პროდუქტების დაკავშირება ტყის მდგრადი მართვის ზოგად მიზნებთან გრძელვადიანი და ხელშესახები სარგებლის მიღების მიზნით.
- ხელშემწყობი ღონისძიებები: მთავრობის მიერ სექტორის მხარდაჭერა.

საქართველო ახორციელებს სატყეო სექტორის რეფორმას, რომლიც მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. 2020 წელს მიღებულმა ტყის ახალმა კოდექსმა და მისმა კანონქვემდებარე აქტებმა სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების მიერ ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების მდგრადი პრინციპების შესაბამისად მართვის სამართლებრივი საფუძველი შექმნა. რეფორმის ფარგლებში, კავკასიის რეგიონში პირველად, ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომლითაც დადგინდა საქართველოს ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და მომზადდა შესაბამისი პოლიტიკური რეკომენდაციები ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რეფორმა ასევე მოიაზრებს ტყის მართვის დონის ინვენტარიზაციის დასრულებას და ტყის მართვის გეგმების დამტკიცებას, ტყის თანამედროვე ციფრული მონიტორინგის სისტემების დანერგვას, უსისტემო ჭრასთან და მერქნის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას, დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და დაცული ტყის სტატუსის მქონე ფართობების ეტაპობრივ ზრდას. რეფორმით გათვალისწინებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის ეკოლოგიური და ეკონომიკური პრინციპების ჰარმონიზაციას და საქართველოს საერთაშორისო კლიმატური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. შინამეურნეობები დამოკიდებულნი არიან საშეშე მერქანსა და ტყის არამერქნულ პროდუქტებზე. ამ მიზნებისთვის, სატყეო სექტორის რეფორმა მოიცავს 2027 წლიდან ხეტყის მდგრადი დამზადება-მიწოდების სისტემაზე გადასვლას. გარდა აღნიშნულისა, რეფორმა ითვალისწინებს მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით, არამერქნული პროდუქტების ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას და ტყეზე დამოკიდებული მოსახლეობის მხარდაჭერას. მიმდინარე სატყეო რეფორმის კონტექსტში, აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დისკუსიას.
სამუშაო შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების (მათ შორის წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგისა და მმართველობის) ინტეგრირებას და ჰარმონიზაციას ტყის მდგრადი მართვის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ პრინციპებთან. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ტექნიკურ სესიებს, ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს და ჯგუფურ სამუშაოებს მონაწილეთა ჩართულობით. ღონისძიება მიზნად ისახვდა არსებულ გამოწვევებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებას, პრიორიტეტული აქტივობებისა და პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრას ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის სრული პოტენციალის ასათვისებლად, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, საარსებო წყაროების მდგრადობისა და ტყის რესურსების გონივრული გამოყენების მიზნებს.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, შემდგომ გაიმართა მოხსენება - პრეზენტაციების წარდგენა. კერძოდ წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები: „ტყის არამერქნული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვები – გლობალური მიმოხილვა“ - ჯულია მიური - გაეროს ტყის სამმართველო, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; „ტყის არამერქნული პროდუქტების ჯაჭვები თურქეთში“ - ისმაილ ბელენი - თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის მთავარი ინსპექტორი; „ტყის არამერქნული პროდუქტები საქართველოში“ - გიორგი გუჯარაიძე, საქართველოს ტყის პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე; „ტყის არამერქნული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვების მხარდამჭერი პროექტები“ - ჯიმშერ კოშაძე, პროექტის მენეჯერი - სოფლის განვითარება, სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება, კავკასიის ელექტრონული ქსელი (CENN); „საქართველოში მაჟალოს (ველური ვაშლის) ღირებულებათა ჯაჭვის შეფასების კვლევის წარდგენა“ - გიორგი ანდღულაძე ღირებულებათა ჯაჭვის ექსპერტი; „ველურად მზარდი მცენარეული ჩაის შეგროვება, დამუშავება, წარმოება და მარკეტინგი“ - ნათია ფსუტური, კოოპერატივი „არაგველები“; „ჩირის პროდუქტები“ - ილაარ ჩემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თიანეთის ნობათი“; „სამკურნალო მცენარეული ნედლეულის წარმოება და რეალიზაცია“ - ელისაბედ ხმიადაშვილი „კახეთის ბიო“; „თიგის სახლი“ - ტყის არამერქნული პროდუქტების გამოყენება არომატების, ემოციების, მოგონებებისა და კავშირების შესაქმნელად“ - თეონა თაბორიძე, „Melaanian Vintage“; „ორგანული სერტიფიცირების პროცესი: შესაძლებლობები და გამოწვევები ტყის არამერქნული პროდუქტებისთვის საქართველოში“ - დავით ბედოშვილი „კავკასსერტი“ ; „პრობლემების ხის“ მეთოდოლოგია და შედეგი ტყის არამერქნული ღირებულებათა ჯაჭვების შეფასებისთვის საქართველოში’’ - დომინიკ რიბი, რეგიონალური კონსულტანტი, პაატა ტორჩინავა ეროვნული კონსულტანტი; „ტყის არამერქნული პროდუქტების კრიტერიუმები და ინდიკატორები ღირებულების ჯაჭვებისთვის და მათი პოტენციური გამოყენება ეროვნულ საგზაო რუკაში“ - დანიელ გრისვოლდი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია; „მეწარმეობა და მცირე/საშუალო ბიზნესის განვითარება მერქნული და არამერქნული ტყის პროდუქტების სექტორში“ - გიორგი თელიაშვილი, ეროვნული მრჩეველი ტყესთან დაკავშირებული ღირებულების ჯაჭვების საკითხებში, GIZ/ECO.Georgia ; „ფინანსური ინსტრუმენტების ანალიზი საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების განვითარებისთვის“ - რეზო გეტიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) დირექტორის მოადგილე.
მოხსენება - პრეზენტაციების ირგვლივ გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.
სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავდა საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების სტრატეგიული ეროვნული საგზაო რუკა და სამომავლოდ, დონორებისთვის წარსადგენი საპროექტო წინადადების კონცეფცია.
