21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე
მიმდინარე წლის 23 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.
საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წევრ - კორესპონდენტი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი, გიორგი ქავთარაძე, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის საინფრმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი, მოწვეული სტუმრები: აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 23 - ე კონგრესზე დაარსდა. აღსანიშნავია, რომ გაეროს ყველა წევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ამ დღეს ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლის მიზანი არის ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნების შენარჩუნება. შემდეგ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ტყის ეკოსისტემებში სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებთან ბრძოლა ჰაერიდან, ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების საავიაციო საშუალებების გამოყენებით“.
აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, აღნიშნა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების და ადრეული გაფრთხილების დისტანციურ - ოპერატიული მონიტორინგის ერთ - ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების საავიაციო საშუალებებით (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ჰიდროპლანები.) პატრულირება, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესების ადრეული მონიტორინგის და საგანგებო სიტუაციათა მართვის შტაბში მყოფი პასუხისმგებელი მორიგე - ოპერატორისათვის ინფორმაციის მყისიერად მიწოდებას. ამ მიმართებით, მეტად ეფექტურ, ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების საავიაციო საშუალებებს წარმოადგენენ: „A N – 2“, „BOMBARDIER CL - 215“ - ის ტიპის თვითმფრინავები, ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების მსუბუქი („M I – 1“, „M I -2“, „K – 26“) და მაღალი („M I – 8“, „M I -2“, „K -32“) ტვირთამწეობის ვერტმფრენები, „SESNA - 1 Fr“ ტიპის პლანერ - თვითმფრინავი, „EARKRAFFT“ - ის ტიპის ჰიდროპლანი და სხვ.
ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების სპეციალური საავიაციო საშუალებების (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, ჰიდროპლანი) აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინტენსივობის (ძირითადად საშუალო და ძლიერი) დაბლითი, მაღლითი და კომბინირებული ჯგუფების ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებთან საბრძოლველად, კერძოდ ისეთ ტყის ეკოსისტემებში, სადაც რთული ბუნებრივ-ოროგრაფიული პირობების ან ტყის ხანძრებისას არსებული ექსტრემალურად მაღალი (+4000C; +7000C ) ჰაერის ტემპერატურული რეჟიმების გამო შეუძლებელია მეხანძრე - მაშველთა აქტიური მოქმედება.
კანადური წარმოების „Airkraftt - 1 F“ ზემაღალი ტვირთამწეობის, ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების თვითმფრინავებს გააჩნია 4500 ლიტრის მოცულობის ავზი და 200 - 220 კმ/სთ სიჩქარით ფრენისას, ტყის საბურველის ზედა სივრციდან, კერძოდ 40 - 50 მეტრი სიმაღლიდან ახორციელებს ცეცხლმქრობი, ქიმიური ხსნარის დასხურებას ხანძრების კერებზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება 60 - 70 მეტრი სიგანის და 220 - 250 მეტრი სიგრძის ე. წ. „წყლის კედელი“, რომელიც ეფექტურად ზემოქმედებს ხანძრების კერებზე და იწვევს მათ ლოკალიზება - ლიკვიდაციას.
მოხსენების ირგვლივ გაიმართა მეტად საინტერესო დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.
სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიის, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.
