საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიც მიეძღვნა ვეტერინარიის პროფესიის გლობალურ მნიშვნელობასა და „ერთიანი ჯანმრთელობის" მიდგომის როლს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.
სასტუმრო PARAGRAPH FREEDOM SQUARE,LUXURY COLLECTION საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გახსნეს.
დავით სონღულაშვილმა ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას ქვეყნის აგროსექტორის განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.
„ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ღონისძიების მნიშვნელობას და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღნიშნულ სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა ქმნის შესაძლებლობას, საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართოს პროფესიული მსჯელობა და განხილვა. აღნიშნული კი ხელს უწყობს დარგის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
WOAH-ის გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ვეტერინარიის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის როლზე რეგიონში.
გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეებმა ვეტერინარიის დარგში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებზე, ტრანსსასაზღვრო დაავადებების პრევენციაზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა სახელმწიფო ვეტერინარმა და WOAH-ის დელეგატმა ლაშა ავალიანმა მონაწილეებს ვეტერინარიის განვითარების მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური ხედვა გააცნო. „ამ ღონისძიების მიზანია როგორც დარგის პოპულარიზაცია, ისე იმ ვეტერინარების აღიარება, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამებსა და კერძო სექტორში. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი მაღალი წარმომადგენლობით. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის საქართველოში ვიზიტი და რეგიონის ქვეყნების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა ღონისძიებას უფრო შინაარსიანსა და შედეგიანს ხდის“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა პროფესიული მიღწევებისთვის ვეტერინარები და წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
მინისტრმა ვეტერინარებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, სტუდენტებს კი წარმატებული პროფესიული გზა და დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა უსურვა.
თბილისში გამართულ კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები და WOAH-ის დელეგატები მონაწილეობდნენ, სადაც ვეტერინარიის სფეროში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე შემუშავდა „თბილისის კომუნიკე“, რომელიც ვეტერინარიის მსოფლიო დღის ოფიციალურად აღიარებისა და მისი აღნიშვნის კონკრეტული თარიღის დაწესებას ითვალისწინებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინა ბარვენაშვილი, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიკოსი ივერი ახალბედაშვილოი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით გოდერძიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ეკატერინე ზვიადაძე.
