უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის 2025 წლის წლიური ანგარიშების შეფასების შედეგები
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონის მე-161 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (სსმმა) იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს“.
წინა წლებში აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შეფასება, უფრო სწორად კი რეცენზირება, ტარდებოდა მხოლოდ ხარისხობრივად.
აკადემიის პეზიდიუმის 2025 წლის 27 თებერვლის # 2 სხდომის დადგენილების საფუძველზე ამავე წლის 18 მარტს აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ დაამტკიცა უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების ჩატარების ახალი დებულება, რომლის თანახმად შეფასება ხორციელდება რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოყენებით. ამ დებულების შესაბამისად სარეცენზიო მასალა ეგზავნება თითოეული სამეცნიერო/სასწავლო ერთეულისათვის გამოყოფილ ორ-ორ შემფასებელს.
ახალი დებულებით ჩატარდა შვიდი უნივერსიტეტის 43 სამეცნიერო/სასწავლო ერთეულის შეფასება. თუ მაქსიმალური განსხვავება ქულებში აღემატებოდა 10-ს, დამატებითი შეფასებისთვის ხდებოდა მესამე შემფასებლის გამოყოფა. ამ ანალიზის ჩასატარებლად, აგრეთვე შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების განსახილველად პრეზიდიუმის სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსი ასათიანი რ., აკადემიკოსი დიდებულიძე ა., აკადემიკოსი დოლიძე ლ., აკადემიკოსი ცქიტიშვილი ზ., პროფესორი ბაციკაძე თ. და დოქტორი ეპიტაშვილი თ.
შეფასების ჩატარებაში მონაწილეობდა აკადემიის 17 წევრი, 9 წევრ-კორესპონდენტი და სტიპენდიატი, აგრეთვე აგრარული მიმართულების 24 წამყვანი მეცნიერი და აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისატთა 5 წევრი, რომლებმაც ჯამში შეასრულეს 95 შეფასება.
კვლევით/სასწავლო ერთეულებს შორის პირველი სარეიტინგო ადგილი დაიკავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წლიურმა ანგარიშმა (დირექტორი - სსმმა აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია), მეორე ადგილზე გავიდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ანგარიში (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ირა შილდელაშვილი), ხოლო მესამეზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის ანგარიში (ხელმძღვანელი - სოფლის მეურნეობის დოქტორი გოჩა წერეთელი).
ყველაზე მაღალი ინდივიდუალური შეფასებები მიიღეს:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, სმმა აკადემიკოსმა ნუგზარ ბაღათურიამ;
2. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ელანიძემ;
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა კობა ნაცვალაძემ.
ჩატარებული შეფასების შედეგების საბოლოო განხილვის შემდეგ, 43 სამეცნიერო ერთეულიდან შეფასება „უმაღლესი“ (40 ქულაზე მეტი) ვერ დაიმსახურა ვერცერთმა სამეცნიერო ერთეულმა, შეფასება „კარგი“ (31 ქულიდან 40 ქულამდე) მიიღო სამმა ერთეულმა, შეფასება „დამაკმაყოფილებელი“ (21 ქულიდან 30 ქულამდე) – 31-მა ერთეულმა, ხოლო შეფასება „არადამაკმაყოფილებელი“ (21 ქულაზე ნაკლები) - 9 სამეცნიერო ერთეულმა.
როგორც ყველა ახალ წამოწყებას, შეფასების ჩატარების პროცესში აღინიშნა გარკვეული ხარვეზები და გამოითქვა 15 შენიშვნა და წინადადება, რომელთა აღმოფხვრაზე სამუშაო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.
