ბუნების კონსერვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით, გაიმართა ბუნების კონსერვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე; სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მაია გოგოტიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები.
სხდომა გახსნა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მან სიტყვა გადასცა მაია გოგოტიშვილს, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე – „ძელქვის ბიოეკოლოგია და მისი ზრდა-განვითარების თავისებურებები“.
მომხსენებელმა ამომწურავად მიმოიხილა ძელქვა (Zelkova), როგორც კავკასიის ფლორის ერთ-ერთი უნიკალური რელიქტური სახეობა, მისი ბიოეკოლოგიური თავისებურებები, ეკოლოგიური და სამეურნეო მნიშვნელობა, გავრცელების თანამედროვე არეალი და დაცვის აუცილებლობა.
აღინიშნა, რომ რცხილაფოთოლა ძელქვა (Zelkova carpinifolia (Pall.) K. Koch) ბუნებრივად გავრცელებულია საქართველოში, აზერბაიჯანის თალიშის რეგიონსა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილში. პალეობოტანიკური მონაცემების მიხედვით, წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში მისი გავრცელების არეალი გაცილებით ფართო იყო და მოიცავდა ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს, თუმცა კლიმატური ცვლილებებისა და ადამიანის ინტენსიური სამეურნეო საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა და ფრაგმენტული ხასიათი მიიღო.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ისტორიულ ფაქტსაც, რომ ძელქვის გვარი 1841 წელს საქართველოში აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა ედუარდ შპახმა, რომელმაც საერთაშორისო სამეცნიერო ნომენკლატურაში გვარს ქართული სახელწოდების პირდაპირი ტრანსკრიფცია – Zelkova – მიანიჭა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ფლორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მსოფლიო ბოტანიკურ მეცნიერებაში.
აღნიშნული ხე-მცენარეს სახელწოდება ძელქვა, ორი სიტყვის — „ძელისა“ და „ქვის“ — შერწყმით დაერქვა, რაც ხაზს უსვამს მისი მერქნის უნიკალურობას. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, გამძლეობით, დრეკადობითა და მექანიკური დამუშავების მაღალი ხარისხით. სწორედ ამ თვისებების გამო ძელქვა საუკუნეების განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა სამშენებლო საქმეში, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების ნივთების დასამზადებლად. განსაკუთრებით ფასობდა დასავლეთ საქართველოში, სადაც მისი მერქანი ნოტიო კლიმატის პირობებშიც კი ათეულობით, ზოგჯერ კი ასეულობით წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თვისებებს. ამასთანავე, მერქნის მაღალი ენერგეტიკული ღირებულების გამო იგი საწვავადაც ინტენსიურად გამოიყენებოდა, რამაც ბუნებრივი კორომების შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 
მოხსენების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღენბა გამხვილდა იმ ფაქტზე, რომ დღეს რცხილაფოთოლა ძელქვა გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი რელიქტური სახეობაა, შეტანილია საქართველოსა და აზერბაიჯანის წითელ ნუსხებში და საჭიროებს დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას.
მაია გოგოტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგებიც. კვლევამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ძელქვის ბუნებრივი კორომები ძირითადად ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალშია გავრცელებული, ზღვის დონიდან 400–500 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო სახეობის ცალკეული ეგზემპლარები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და თბილისის დენდროლოგიურ პარკშიც გვხვდება.
დადგინდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ძელქვის ბუნებრივი განახლება ძირითადად ვეგეტატიური გზით, ფესვის ნაბარტყების საშუალებით მიმდინარეობს, ხოლო სიმაღლეში და დიამეტრში ზრდა შედარებით ნელი ტემპით ხასიათდება. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ფესვთა სისტემის აგებულება, ბიომასის განაწილება, ნიადაგური პირობები და შემუშავდა ძელქვის მოსალოდნელი ტყეკაფებიდან მორების გამოტანისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგიური სქემები, რაც მომავალში საწარმოო დანიშნულების ძელქვის კორომების მდგრადი გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.
მ. გოგოტისვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ძელქვა საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მისი დაცვა, აღდგენა და მეცნიერული შესწავლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ისე ტყის რესურსების მდგრადი მართვისა და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრეებმა საკუთარი მოსაზრებები და შეკითხვები წარმოადგინეს.
სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო და შინაარსიანი მოხსენებისთვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას – აქტიური მონაწილეობისათვის, აღნიშნა, რომ მსგავსი სამეცნიერო შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტის საქმეში.
