სამუშაო შეხვედრა UNESCO -ს მიერ აღიარებული „ქართული ხორბლის კულტურა:
ტრადიციები და რიტუალები“ შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით
მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა UNESCO -ს მიერ აღიარებული „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა გელა სამხარაულმა.
„იუნესკო-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის შემდეგ ამ აღიარებას არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მეტი განვითარება სჭირდება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე წინა მოსამზადებელ პროცესებში ჩართული მონაწილეები შევიკრიბეთ და სამომავლო გეგმებზე ერთობლივად ვიმსჯელეთ. ჩვენი მიზანია, ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის გამოვიყენოთ. ქართული ხორბალი და ის ენდემური ჯიშები, რომელიც გვაქვს, უნიკალურია და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი გაცნობა დადებითი შედეგის მომტანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხითაც“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ქართული ხორბლის დაცვასა და პოპულარიზაციას შეეხება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, რომელმაც გამოხატა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მზადყოფნა ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მეცნიერულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის მიერ შემუშავებული მარცვლეული მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის სახელმწიფოებრივი პროგრამული რეკომენდაციების „მარცვლის“ შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების შეჯერების შემდეგ მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხორბლის კულტურის შემდგომ განვითარებას.
