მიმდინარე წლის 18 თებერვალს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,ფერდობებზე ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო და ტენის შემანარჩუნებელი დამუშავების ტექნოლოგია“ (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირობებისთვის) აუდიტორიის წინაშე წარსდგა სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის საგარეჯოს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ტექნიკის დოქტორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მომხენებელმა აღნიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ურწყავი მიწების დიდი ნაწილი (სახნავის 40%-ზე მეტი) განლაგებულია მაღალი დახრილობის ფერდობებზე, რის გამოც მათი დამუშავება მობილური სასოფლო-სამეურონეო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით რამდენადმე გართულებულია, რადგან მათით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფერდობის დახრილობა არ აღემატება 150-ს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მუნიცეპალიტეტში ყოველწლიურად ერთწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობების (ხორბალი, სიმინდი, და ა.შ.), ასევე ბუნებრივი სათიბების, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების ნათესების ხარჯზე იზრდება ვენახებისა და მრავალწლიანი ნარგავების ფართობები. ეს აჩენს სერიოზულ დაბრკოლებას მეცხოველეობისათვის საკვები ბაზის მართვის საქმეში, რადგან სწორედ მათ ბაზაზე ხდება კონცეტრირებული და უხეში საკვების დამზადება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გეოგრაფიული, ნიადაგობრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განიცდიან ძლიერ ქარისმიერ და წყლის მიერ ეროზიას. კერძოდ, ივრის ზეგანი სადაც განთავსებულია მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განიცდის ძლიერ ქარისმიერ ეროზიას, ქარების სიჩქარე ხშირ შემთხვევაში 20 მ/წმ-ს აღემატება, ქარიან დღეთა რიცხვი 70%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ძლიერი ქარები ფიქსირდება თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეში. ძლიერი ქარების გამო ხდება ჰუმუსოვანი ფენის გადახვეტა, რის გამოც ახლად აღმოცენებულ საშემოდგომო ნათესებს უზიანდებათ ფესვთა სისტემა, ხდება ჯეჯილის დაკნინება და მოსავლის მთლიანი განადგურება.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქარისმიერი ეროზირებული ნაკვეთები ასევე განიცდიან ტენის ნაკლებობას, მიზეზი კი წელიწადის პერიოდების მიხედვით ნალექების რაოდენობის არათანაბარი განაწილებაა. ამ მოვლენების გაძლიერებას ხელს უწყობს აგრეთვე პრივატიზაციის შედეგად მოსახლეობის მიერ მიღებული ნაკვეთების დაქუცმაცება და ქარსაცავი ზოლების გაჩეხვა. რაც შეეხება ფერდობებზე განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ქარისმიერი ეროზიის გარდა, მათი წყლისმიერი ეროზია გამოწვეულია გამდნარი თოვლის, წვიმისა და თქეშის რეგულარული ჩამონადენით. გაზაფხულზე ან კოკისპირული წვიმების პერიოდში, წყლის ზედაპირული ჩადენის სიდიდე ფერდობებზე გაცილებით აღემატება მის ნიადაგში გაჟონვის სიჩქარეს, ამიტომ ჩეულებრივ წვიმების დროს ფერდობის ზედაპირზე ჩამოიტანება ნალექების 30%-მდე, ხოლო თქეშის დროს გაცილებით მეტი.
გაზრდილი წყლისმიერი ეროზიის შედეგად, არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია ბუნებრივი სათიბ-საძოვრები, რომლებიც ძირითადად ფერდობებზეა განლაგებული, რადგან ვერ ხერხდება მოსული ნალექების ეფექტიანად შეკავება, ირეცხება ჰუმუსოვანი ფენა, რის გამო ამ სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობა არ შეესაბამება მათ პოტენციურ შესაძლებლობებს.
ბატონმა ნიკოლოზმა დამსწრე საზოგადოებას მოახესნა მათი სამსახურის მიერ შემუშავებული ფერდობებზე განლაგებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ზოლური დამუშავების და ნიადაგის დაღარვის სამანქანო ტექნოლოგია თესლბრუნვის სრული დაცვით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოსავლიანობის გაზრდა 2-3 ჯერ და ასევე შრომითი და საექსპლოატაციო დანახარჯების შემცირება. აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გარემოს დაცვის და განათლების ცენტრის, მწვანე კლიმატის ფონდის მიერ (GCF) მიერ გამართულ კონკურსში „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსებმა: ა. დიდებულიძემ და ლ. დოლიძემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ო. თედორაძემ, პროფესორებმა: ო. ქარჩავამ და ც. სამადაშვილმა, დოქტორებმა: ე.კაციტაძემ, გ.ცოფურაშვილმა, ინჟინერმა ც. ნაცვლიშვილმა.
ყველა შეკითხვაზე დოქტორმა ნ. ჯავახიშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა. სხდომის შემდეგ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით ერთხმად იქნა მიღებული დადგენილების პროექტი.
