სახელი, რომელიც ეპოქებს უკავშირდება –
ნოდარ ჭითანავა 90 წლისაა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას მიმდინარე წლის 10 მარტს დაბადებიდან 90 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.
ნოდარ ჭითანავა დაიბადა 1936 წლის 10 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში. 1954 წელს წალენჯიხის საშუალო სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა (შემდგომში საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია) ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის განხრით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1993 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ თემაზე: „ეკონომიკური, ორგანიზაციული და მმართველობითი ურთიერთობანი საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში“, მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1994 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს - აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად. 2004 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (08.00.09. მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა).
მდიდარია ბატონი ნოდარ ჭითანავას შრომითი ბიოგრაფია. იგი შრომით საქმიანობას იწყებს კოლმეურნედ, სამშენებლო ბრიგადის ბრიგადირად. 1959 წლიდან მუშაობს კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე: კომკავშირის ზუგდიდის რაიკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; პარტიის ზუგდიდის რაიკომის მდივანი; ზუგდიდის სამრეწველო ზონის პარტკომის მდივნის მოადგილე; პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; პარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი. 1973-1974 წლებში იყო საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1974-1979 წლებში - საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1979-1985 წლებში - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1985-1989 წლებში - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1989-1990 წლებში - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991-1992წლებში, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრია; 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ნოდარ ჭითანავას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონი ნოდარი არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 8 წლის (ორი მოწვევა) იყო ამავე საბჭოს მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე.
ნოდარ ჭითანავა სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან ერთად წარმატებით ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1993-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ფართო და მრავალფეროვანია ნოდარ ჭითანავას სამეცნიერო მოღვაწეობა. მისი კვლევები ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაცია, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარება, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსების რაციონალურად და ეფექტურად გამოყენება, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების თავისებურებები და სხვა.
ნოდარ ჭითანავამ შეიმუშავა საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდში აგროსამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციულ-ეკონომიკური და მმართველობითი ურთიერთობების ფორმირებისა და სრულყოფის კონცეფცია. ეს და სხვა პრობლემები განხილულია მონოგრაფიებში:
- „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“;
- „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“;
- „სოციალური ეკონომიკა“ (თანაავტორობით);
- „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“;
- „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“;
- „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“ და სხვ.
ნოდარ ჭითანავამ საკუთარ თავზე გამოსცადა ორი ეპოქის: საბჭოთა იმპერიისა და დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესების შეჯახების „ხილული“ და „უხილავი“ პროცესების ზემოქმედების ძალა. ორივე ეპოქაში ერთნაირი პასუხისმგებლობით, სიყვარულით და ერთგულებით ემსახურა სამშობლოს. იგი ფაქტობრივად არის „ხიდი“ წარსულსა და მომავალს შორის. შემთხვევით კი არ ეძახიან კოლეგები სახელმწიფოებრივი აზროვნების „უკანასკნელ მოჰიკანს“, „ცოცხალ არქივს“. იგი არის კარგი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს აკადემიური პატიოსნება და სახელმწიფოებრივი ხედვა მიუხედავად იმისა, თუ როგორია პოლიტიკური ძალების კონფიგურაცია ქვეყანაში.
მისი მოღვაწეობის გამოკვეთილი სტილია: „ეკონომიკური პატრიოტიზმი“, რომელსაც იგი თვლის, როგორც სახელმწიფოებრივ აზროვნებას ეკონომიკაში, სადაც ბაზარი კი არ მართავს ქვეყანას, არამედ სახელმწიფო იყენებს საბაზრო ეკონომიკას მთელი საზოგადოების კეთილდღეობისათვის. მისთვის აგრარული კომპლექსი „ეკონომიკური პატრიოტიზმის“ - „გულია“ და ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძველი. რომ ეკონომიკა არ არის მხოლოდ ბაზრის მექანიზმების ერთობლიობა - იგი სოციალურ-სივრცითი სისტემაა, თავისი გენეტიკური კოდით.
ნოდარ ჭითანავას სახელმწიფოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობა ხასიათდება ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთიანობით, ეროვნული ინტერესების ორიენტაციის და ეკონომიკური განვითარების სისტემური ხედვით.
ნოდარ ჭითანავას სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა უხდებოდა საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ პერიოდში, როცა ქვეყანა საბჭოთა იმპერიიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გზას ადგა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1989-1990 წლებში ნოდარ ჭითანავას ინიციატივით საქართველოს მინისტრთა საბჭოს იმ საკვანძო დადგენილებებს, რომლებიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღებას ითვალისწინებდა. იმ დროს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა დემოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მომავლისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური და მორალური მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმის გამოყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
განუზომელია ბატონი ნოდარ ჭითანავას როლი 1990 წლის 12 აპრილის საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მიერ №183-ე დადგენილების - „რელიგიის საქმეთა საკითების“ შესახებ მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დადგენილება, რომელსაც თავად ბატონი ნოდარი აწერდა ხელს არ იყო უბრალოდ „კიდევ ერთი საბჭოთა დოკუმენტი“ — ეს იყო გაბედული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც იურიდიულად დააკანონა ის, რაც ფაქტობრივად უკვე ხდებოდა ეროვნული მოძრაობის ფონზე, და საფუძველი ჩაუყარა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამედროვე ურთიერთობებს. ეს იყო გარდამავალი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რელიგიის სფეროში.
ეს დადგენილება იყო ფუნდამენტი, რაზეც 90-იან წლებში ქართული ეკლესიის სიმტკიცე დაშენდა და ამით ეკლესიას შეექმნა ეროვნული კონსოლიდაციისათვის საჭირო რესურსი, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.
ნოდარ ჭითანავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მიზანმიმართულად დაიწყო მუშაობა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა 1990 წელს მოამზადა ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფცია, რომელიც დაამტკიცა საქართველოს უმაღლესმა საბჭომ.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს 1990 წელს მარტში საქართველოს უმაღლესი საბჭოს (საბჭოთა ორგანო) მიერ „საქართველოს ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყნად აღიარების შესახებ“ - გადაწყვეტილების მიღებაში მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის როლი (ნოდარ ჭითანავა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო).
საბჭომ გადადგა უპრეცენდენტო ნაბიჯი. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლას მისცა აგრესიის კვალიფიკაცია, საქართველო აღიარა ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყნად და გააუქმა ყველა ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც 1921 წლის შემდეგ იყო მიღებული.
საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ითვლება 1990 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს ისტორიული დადგენილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნებისა და მისი სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ თავისთავზე აიღო ქვეყნის აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის მეცნიერული მართვის ფუნქცია.
დღესაც აკადემიასთან არის დაკავშირებული ნოდარ ჭითანავას მოღვაწეობა. იგი არის პრეზიდიუმის წევრი-მრჩეველი და სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორი. ენერგიულად და მიზანმიმართულად მონაწილეობს ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების მეცნიერული საფუძვლების განსაზღვრაში, აკადემიის წარმმართველი როლის გაძლიერებაში. იძლევა შრომის, მაღალი პასუხისმგებლობის, კვლევაში სიახლეების გამოყენების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მასშტაბური ხედვის, ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსული პოტენციალის კომპლექსურად და დაჩქარებით ამოქმედების შესაძლებლობების ძიების მისაბაძ მაგალითს.
ნოდარ ჭითანავა პიროვნება-სახელმწიფო მოღვაწე-მეცნიერი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი ერთგულებით უნდა ემსახურებოდეს თანამედროვე მამულიშვილი მშობლიურ მიწა-წყალს, აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას, რომ სამშობლოს იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცება ყველა დროის ქართველის სისხლ-ხორცეული მოვალეობაა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს -დაბადებიდან 90 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
