საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ფესტივალი „ოქროს თავთავი – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ფესტივალზე

ოქროს თავთავიქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია

 

2f66b502 7553 47e7 a827 b057378d280b   მიმდინარე წლის 21 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ოქროს თავთავი – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართა.

ფესტივალი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელმა, ქალბატონმა ლალი მესხმა, რომელიც ამავე დროს ღონისძიების ორგანიზატორიც გახლდათ.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული ხორბლისა და მისი ნამზადის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აქ წარმოდგენილი იყვნენ „ჟან-ჟაკის“, „ვარგოს“, „იფქლი-დიღომის“, „ფონას“, „მესხური ღვინის“, „რეხის პურის“, „ჩიზუკას“, „აგროდარის“, „ჭითურა ყველის“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პურეულის, ყველის, ღვინისა და ხალხური რეწვის ნიმუშების მრავალფეროვან ასორტიმენტს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭ იპაშვილი.ea510b91 b1e8 4e8f 8280 43d9e458be35

აკადემიამ ფესტივალზე წარმოადგინა 2026 წელს გამოცემული უახლესი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებს, მათ ბიოლოგიურ თავისებურებებს, მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიურ საკითხებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბროშურა-რეკომენდაციამ – „ქართული ხორბალი – ბიოლოგიური თავისებურებები და მოყვანის აგროტექნოლოგია“, რომელშიც თანამედროვე სამეცნიერო ცოდნასთან ერთად ასახულია ქართული ხორბლის უნიკალური გენეტიკური და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.

აკადემიის პავილიონს, სადაც აღნიშნული გამოცემები იყო გამოფენილი, არაერთი სტუმარი ეწვია. მათ შორის იყვნენ როგორც ხორბლის კულტურის მოყვანით დაინტერესებული პირები, ისე ისინი, ვინც ქართულ ხორბალს საქართველოს ეთნიკურ თვითმყოფადობას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს უკავშირებს.

4268667c c6a0 4c5c 9096 4e1fd984148c

ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთნოლოგის, აკადემიკოს ლიანა მელიქიშვილის სტუმრობა. აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა სტუმარს გააცნო წარმოდგენილი გამოცემები და აღნიშნა, რომ იუნესკოს მიერ „ქართული ხორბლის კულტურის – უწყვეტი ტრადიციებისა და რიტუალების“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას წინ უძღოდა მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აქტიურად მონაწილეობდა.

სწორედ ამ საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენს აკადემიის მიერ მიმდინარე წელს გამოცემული ნაშრომები, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული ხორბლის უნიკალური გენოფონდის, მასთან დაკავშირებული ცოდნისა და ტრადიციების დაცვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. ფესტივალზე წარმოდგენილი გამოცემები ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის თვალსაჩინო გამოხატულებაა.

 

აღსანიშნავია, რომ აკადემიის მიერ გამოცემული ლიტერატურით ფესტივალის არაერთი სტუმარი დაინტერესდა. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ქართული ხორბლის შესახებ, ხოლო დაინტერესებულ პირებს საჩუქრად გადაეცათ ბროშურა-რეკომენდაცია „ქართული ხორბალი – ბიოლოგიური თავისებურებები და მოყვანის აგროტექნოლოგია“.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com