საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში უკვე ტრადიციად იქცა 17 ივნისს — გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით — მრგვალი მაგიდისა თუ თემატური სხდომის ჩატარება. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
„გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პრობლემები საქართველოში“ — მომხსენებელი: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი;
„კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოება“ — მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი.
მრგვალი მაგიდა გახსნა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ მან ისაუბრა განსახილველი საკითხის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაცემებით, დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას, რაც მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი გარემოებაა.
რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უდაბნოს ზონის უშუალო სიახლოვეს არ მდებარეობს, გლობალური დათბობის ფონზე მის აღმოსავლეთ ნაწილში, ცალკეულ რეგიონებში, ხანგრძლივი და სისტემატური გვალვების პირობებში, რეალურად შეიძლება წარმოიშვას ლოკალური გაუდაბნოების საფრთხე. ეს კი მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება იქცეს ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 0,14 ჰექტარი სახნავი მიწა მოდის.
მოხსენებაში „გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პრობლემები საქართველოში“ ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად საქართველოში გაუდაბნოების პროცესს დაახლოებით 3000 კმ² ფართობის მიწები განიცდის, რაც ძირითადად შირაქის, ელდარის, ტარიბანას, ოლესა და სხვა ტერიტორიებს მოიცავს.
მომხსენებლის შეფასებით, აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც ამ პროცესებს თან ახლავს. კერძოდ, საჭიროა სისტემური კვლევებისა და მონიტორინგის განხორციელება, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილებები მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებს უნდა ეფუძნებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეფექტიანი მეთოდების გამოყენება, კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო ინსტიტუტების, მიწის მესაკუთრეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
მომხსენებელი ასევე შეეხო მიწის დეგრადაციის პრობლემას, რომელიც ქვეყანაში გაცილებით ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს, ვიდრე გაუდაბნოება. ეს თითქმის მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი და სასოფლო-სამეურნეო პრობლემაა. დღეისათვის, სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაახლოებით 35% დეგრადირებულია.
მიწის დეგრადაციის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია კლიმატური თავისებურებები, გლობალური დათბობა, გეოდინამიკური პროცესების გააქტიურება, არარაციონალური მიწათსარგებლობა, ტყეების განადგურება და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო და სამეცნიერო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედება, რათა არ მოხდეს ამ პროცესების შემდგომი გაღრმავება და, პირიქით, მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელი გახდეს არსებული პრობლემების შემცირება და აღმოფხვრა.
„კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოება“ — ამ თემაზე მოხსენებით წარდგა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი. წარმოდგენილ პრეზენტაციაში მომხსენებელმა განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა გლობალური ტემპერატურის მატება, სათბურის აირების ემისია, მიწების დეგრადაცია, წყლის რესურსების დეფიციტი, ბიომრავალფეროვნების შემცირება, სურსათის უსაფრთხოების რისკები და სხვა.
აღინიშნა, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურის ხანგრძლივი ზრდა ძირითადად ადამიანის საქმიანობითაა განპირობებული, კერძოდ, წიაღისეული საწვავის ინტენსიური გამოყენებით, ტყეების გაჩეხვითა და სამრეწველო პროცესებით. მომხსენებლის ინფორმაციით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 1,1°C-ით აღემატება XIX საუკუნის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს, ხოლო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO₂) კონცენტრაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში 11,4%-ით გაიზარდა, რაც მომავალში ტემპერატურის შემდგომ მატებას განაპირობებს. აღინიშნა ასევე, რომ სათბურის სხვა აირები, მათ შორის მეთანი და აზოტის ოქსიდი, კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ პრობლემებს.
ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირებასა და გაძლიერებას, მათ შორის თბურ ტალღებს, ხანძრებს, მეწყერებს, წყალმოვარდნებსა და სხვა სტიქიურ პროცესებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზეც და ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ცალკეული ქვეყნის საზღვრებს სცდება და მათი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და კოორდინირებული ქმედებებით არის შესაძლებელი.
დასკვნის სახით, წევრ-კორესპონდენტმა გიზო გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მოხსენებაში განხილული გამოწვევების ეფექტიანად დასაძლევად აუცილებელია განახლებადი ენერგიის ფართო გამოყენება, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება, ტყეების აღდგენა, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ნიადაგის დაცვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გლობალური დათბობა და გაუდაბნოება ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, რომელთა ეფექტიანი მართვა მოითხოვს საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულ მოქმედებებსა და მიწის რესურსების მდგრად გამოყენებას.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისათვის.
