საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების
სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
2026 წლის 30 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა.
სხდომაზე მოხსენებით წარდგა დიდი ბრიტანეთის (უელსი) კომპანია United Concrete Canvas-ის ტექნიკური დირექტორი ილდარ იამალიევი, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმისა და ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომაში მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე.
სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა, რომელმაც მისალმების შემდეგ სიტყვა მომხსენებელს გადასცა.
პრეზენტაციაში ილდარ იამალიევმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე საქართველოში, განსაკუთრებით მთისა და მთისწინა ლანდშაფტებში, წერტილოვანი თავსხმა წვიმების შედეგად წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების გახშირებულ შემთხვევებზე. მისი განმარტებით, ინტენსიური ნალექების დროს მთის ფერდობებზე სწრაფად ფორმირდება ზედაპირული ჩამონადენი, რომელიც დაურეგულირებელი მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში ძლიერდება და მნიშვნელოვნად აჩქარებს ეროზიული და ღვარცოფული პროცესების განვითარებას. აღნიშნულ პროცესებს თან ახლავს ნიადაგის ზედაპირის დეფორმაცია, ნიადაგ-გრუნტის ნაწილაკების ინტენსიური ტრანსპორტირება და საბოლოოდ ნიადაგის დეგრადაცია.
მომხსენებელმა წარმოადგინა თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტა — სხვადასხვა ზომისა და სისქის ბეტონის ელასტიკური ხალიჩები (Concrete Canvas), რომლებიც ზედაპირზე გაშლისა და წყლით გააქტიურების შემდეგ იძენენ ბეტონის სიმტკიცეს და ზუსტად ერგებიან მდინარის კალაპოტის, ხევის ან მთის ფერდობის რელიეფს. აღინიშნა, რომ წარმოდგენილმა ტექნოლოგიამ ფართო პრაქტიკული გამოყენება უკვე მოიპოვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, მათ შორის უელსში, სადაც წარმატებით გამოიყენება ეროზიის, ღვარცოფებისა და წყალდიდობების საწინააღმდეგო ღონისძიებებში.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბეტონის ელასტიკური ხალიჩების გამოყენებას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს საქართველოშიც. მათი გამოყენება შესაძლებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, მელიორაციის სისტემების (ირიგაციისა და სადრენაჟო ქსელების), წყალმომარაგების, ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობის, აგრეთვე სხვა საინჟინრო მიმართულებებით.
ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გამოირჩევა მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობით. კერძოდ, ბეტონის ელასტიკური ხალიჩების გამოყენება არ საჭიროებს რელიეფის წინასწარ მომზადებას, გამოირჩევა მაღალი საიმედოობით, ამცირებს სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობასა და ხარჯებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი პრაქტიკული დანერგვის ეფექტიანობას.
სხდომის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა შეაჯამა განხილული საკითხები, მომხსენებელს მადლობა გადაუხადა საინტერესო და აქტუალური მოხსენებისთვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას — სხდომაში მონაწილეობისთვის.
